რისთვისაა საკონსტიტუციო სასამართლო, თუ უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლზე? - მოსამართლე ტუღუში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა პლენუმის წევრებისგან განსხვავებული აზრი დაწერა 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ განსახილველად არ მიიღო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?

– ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.

– არა? მაშ, რა საჭიროა იგი?!

ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარ განსხვავებულ აზრს თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“, ეს პასაჟი დაურთეს და რიტორიკულად დასვეს კითხვა, „რის მაქნისია გზა, თუ კი ტაძართან არ მიმიყვანს, რა სიკეთე მოაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას და პრობლემების გადაჭრას?“.

სამწუხაროდ, სწორედ აღნიშნული პასაჟით მიწევს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის №3/7/1848,1849 განჩინებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის დაწყება: რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!“, - წერს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელების სათანადოდ განხილვა „დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხი იყო“.

„აღნიშნულის ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული არგუმენტაცია და მტკიცებულებები და სარჩელები განსახილველად არ მიიღო სათანადო დასაბუთების გარეშე. მოპასუხე მხარესთან კითხვაც კი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რით იყო ნაკარნახევი მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემები. ჩემი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როდესაც, საკანონმდებლო ჩარჩო, ისევე, როგორც საქმის პრაქტიკული ასპექტები იძლეოდა მისი ფორსირების გარეშე, ზეპირი განხილვით, სათანადო გამოკვლევის შედეგად, გადაწყვეტის შესაძლებლობას.

კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენდა კანონმდებლობიდან მომდინარე, კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკებს. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელებში დასმული საკითხები იდენტიფიცირებული იყო იმდენად ცხადად, რომ მათი აღქმა რთული არ უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებისთვის, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის. სასამართლოს უბრალოდ უნდა დაენახა და შინაარსობრივად შეეფასებინა სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მან არ გააკეთა.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად უარი თქვა კონსტიტუციური კონტროლის, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული შეკავებისა და ბალანსის სისტემაში მისი იმანენტური ფუნქციის, განხორციელებაზე“, - მიიჩნევს მოსამართლე ტუღუში.

კენჭისყრის ფარულობა

„კონსტიტუციურ სარჩელში, ერთი მხრივ, წარმოდგენილი იყო კენჭისყრის პროცესში ფარულობის პოტენციური დარღვევის ამსახველი მტკიცებულებები. ამავე დროს, დადასტურებული იყო, რომ პროცესი წარიმართა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან საერთო სასამართლოს მოსამართლეებმა კანონიერად ცნეს იგი. აღნიშნული თავისთავად მიუთითებდა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ კენჭისყრის პროცესის ამ ფორმით ჩატარება გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან (იმ ნორმატიული შინაარსიდან, რომელიც მათ შესძინა საერთო სასამართლოებმა), რაც აშკარას ხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მსჯელობის საჭიროებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩემმა კოლეგებმა, სადავო ნორმების შინაარსის გაანალიზების გარეშე, უბრალოდ, მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემები მათგან (სადავო ნორმებისგან) არ მომდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, არ შეესაბამება სიმართლეს, მეორე მხრივ, კი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას უთანაბრდება.

საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად მიუთითებს, რომ, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შესაფასებლად, საჭირო იყო ფარულობის პოტენციური დარღვევის შესაძლებლობა პირდაპირ, სახელდებით ყოფილიყო გაწერილი კანონმდებლობით. თუმცა, საკონსტიტუციო კონტროლის მიზნებისათვის, არსებითად ერთი და იგივეა ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას სახელდებით შექმნის კანონი, თუ ხსენებულს განაპირობებს სადავო ნორმით დადგენილი ფარულობის ზოგადი წესისათვის საერთო სასამართლოების განმარტების შედეგად მინიჭებული შინაარსი. ორივე შემთხვევის ფარგლებში, იდენტიფიცირებული შინაარსი წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის ნაწილს, რომლის კონსტიტუციურობის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო, არსებითი განხილვის ფორმატში, განეხილა საქმე და დაედგინა კანონით განსაზღვრული კენჭისყრის ფარულობის პირობები რამდენად პასუხობდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კენჭისყრის ფარულობის მოთხოვნებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი განხილვის ფორმატში უნდა გამოეკვლია მხარეთა პოზიციები და შეეფასებინა, ხომ არ არსებობდა რაიმე გარემოება, რომელიც ამომრჩევლის ხმის ფარულობასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტების შედეგად წარმოშობილ რისკებს გაამართლებდა.

ასევე არასწორია ჩემი კოლეგების მითითება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში პრობლემა რომც არსებობდეს, მოსარჩელემ არასწორი ნორმები გაასაჩივრა. მოცემულ საქმეზე სადავო იყო არა მხოლოდ კენჭისყრის ფარულობის საკითხის მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები, არამედ, ასევე კენჭისყრის პროცესის მომწესრიგებელი და ბიულეტენის ფორმისა და შევსების წესის განმსაზღვრელი დებულებები. ჩემმა კოლეგებმა კი, ფაქტობრივად, მიუთითეს, რომ ბიულეტენზე „მელანის გაჟონვის“ გამო გამოწვეული პრობლემები არც ფარულობის, არც ხმის მიცემის პროცესის მომწესრიგებელ და არც თავად გამოყენებული ტექნიკური საშუალებების განმსაზღვრელ წესებს არ ეხება და მოსარჩელეს პრობლემა სხვა, ზოგად ნორმებში უნდა ეძებნა.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ, ამომრჩევლის ნების გამჟღავნების რისკების მიუხედავად, კენჭისყრის პროცესი კანონის შესაბამისად წარიმართა, ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების შინაარსის არასწორ გაგებაზე მითითებით, უარს ამბობს შეაფასოს კანონის ის შინაარსი, რომელმაც განაპირობა კენჭისყრის ზემოხსენებული ფორმით ჩატარება. შედეგად, ვიღებთ ვითარებას, რომლის ფარგლებშიც, არ ხდება შეფასება, ზემოთ ხსენებულ პირობებში ჩატარებული კენჭისყრა, პასუხობს თუ არა კენჭისყრის ფარულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს“.

 

სასამართლოს მიერ საქმის არსებითად არ გადაწყვეტის გავლენა მომავალში ჩასატარებელ არჩევნებზე

„საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ამავე დროს, საერთო სასამართლოებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ პროცედურა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განუხილველობა და, ფაქტობრივად, შინაარსობრივად არაფრის გადაწყვეტა საფრთხეს უქმნის საქართველოში მომავალში ჩასატარებელი არჩევნების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

იმის გათვალისწინებით, რომ არ მომეცა საქმეზე საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა, ჩემთვის რთულია გადაჭრით მტკიცება, თუ რა პოზიცია ექნებოდა მათ მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არსებული პრობლემის შესახებ კენჭისყრამდე იყო ცნობილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისათვის. კერძოდ, №1848 კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2024 წლის 17 სექტემბრის წერილი, რომელშიც იგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განუმარტავდა, რომ საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს მარკირების სითხე ტოვებდა კვალს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, დასახელებული ხარვეზი წარმოადგენდა მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც პირდაპირ გავლენას მოახდენდა არჩევნების ფარულობის პრინციპზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ითხოვდა ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ან რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმებოდა მათი მხრიდან. 2024 წლის 28 სექტემბრის №01-01/1607 წერილით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზაციას აცნობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია და, შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოქალაქეს უხსნის ხმის მიცემის პროცედურას. ხმის მიცემის მოდელირების ფარგლებში, მონაწილე პირი – ამომრჩეველი შენიშნავს საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენის ფაქტს, რის თაობაზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების კვალის ხილვადობა განაპირობა ამომრჩევლის მხრიდან სპეციალურ მარკერზე ზედმეტმა დაჭერამ. ამდენად, თუ, ერთ შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პრობლემის გამომწვევ მიზეზად საარჩევნო ბიულეტენის სატესტო ვერსია დაასახელა, მეორე შემთხვევაში, მარკერის კვალის ხილვადობა მან დაუკავშირა სპეციალური მარკერის გამოყენების წესს. თუმცაღა, ზემოთ აღწერილი ორივე შემთხვევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სრულად იყო ინფორმირებული მარკერის კვალის ხილვადობაზე.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, იმისათვის, რომ, როგორც მინიმუმ, მაღალი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემები გამოწვეულია არა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცდომით, არამედ წინასწარ გააზრებული ქმედებებით. ამავე დროს, ჩატარებული კენჭისყრის კანონთან შესაბამისობა უკვე დადასტურებულია საერთო სასამართლოების მიერ. შესაბამისად, არაფერი მიუთითებს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მომავალი არჩევნები იქნება სხვაგვარად ადმინისტრირებული.

2024 წელის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საზოგადოებაში უდავოდ აჩენს საფუძვლიან ეჭვს კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით. კენჭისყრის ფარულობის უმთავრესი ფუნქცია არჩევანის თავისუფლების დაცვაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილია ამომრჩეველთათვის რწმენის ჩამოყალიბებით, გარანტიის მიცემით, რომ მისი სურვილის გარეშე ვერავინ ვერ გაიგებს გააკეთა თუ არა არჩევანი და თუ გააკეთა – ვის სასარგებლოდ.

საზოგადოების მიერ ხსენებული რწმენის დაკარგვის შემთხვევაში, ამომრჩეველთა ნების კონტროლის თვალსაზრისით, ყოველი მომდევნო არჩევნები იქნება უფრო და უფრო მძიმე. შესაბამისად, სადავო ნორმებს გააჩნია პოტენციალი, რომ სამომავლოდ ფაქტობრივად გააქროს არჩევანის თავისუფლების იდეა.

ამ ფონზე, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული ღირებულებებისთვის დამატებითი რისკის შემცველია ჩემი კოლეგების გადაწყვეტილება, რომლებმაც არ გამოიკვლიეს რამდენად რეალური იყო მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემები. შესაძლებელი იყო თუ არა სამომავლოდ არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებული კითხვების გაქარწყლება სათანადო ბიულეტენისა და მარკერის გამოყენებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, რა ტიპის დამატებით ძალისხმევას საჭიროებდა ამომრჩეველი, რომ უზრუნველეყო სპეციალურ ელექტრონულ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის ფარულობის პრინციპის დაცვით მოთავსება ან, ზოგადად, შესაძლებელი იყო თუ არა საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს ემოქმედა იმგვარად, რომ უზრუნველეყო საკუთარი არჩევანის ფარულობა. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, ფარულობის შესაძლო დარღვევის თაობაზე, მათი წინასწარი ინფორმირებულობის ფაქტის გათვალისწინებით, რამ განაპირობა საარჩევნო პროცესის სადავოდ გამხდარი ფორმით რეგულირება/ადმინისტრირება. ხომ არ იყო აღნიშნული ნაკარნახევი ტექნოლოგიური საჭიროებებით, სხვაგვარად – რამდენად შეეძლო საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესის ორგანიზება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ისე, რომ მოეხდინა მარკერის კვალის იდენტიფიცირების რისკების პრევენცია.

ამდენად,

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის სათანადოდ გამოუკვლევობამ და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიუღებლობამ, არა მხოლოდ ვერ გააქარწყლა კითხვები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, არამედ ასევე ხელი შეუწყო, ზოგადად, საქართველოში ყოველი მომდევნო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები არ მიიღო არსებითად განსახილველად მაშინ, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი იყო სადავო ნორმების მოქმედების შედეგად გამოწვეული პრაქტიკული პრობლემების არაერთი მტკიცებულება. ამ ფონზე, ბუნებრივია, ძნელად წარმოსადგენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სამომავლოდ, აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში, იმსჯელებს ხსენებულ საკითხზე და საქმის სრულყოფილი გამოკვლევების შედეგად დაადასტურებს ან/და გააქარწყლებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვებს“.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა

მონაწილეობის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია, დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზუმფცია არსებობს არჩევნებში საზოგადოების ჩართვის სასარგებლოდ. შესაბამისად, საერთო მოსახლეობის ნებისმიერი ჯგუფისათვის/კატეგორიისათვის ხმის უფლებით სარგებლობაზე დაწესებული ბარიერები უნდა შეესაბამებოდეს უფლების შეზღუდვის მიზნებს. სხვაგვარი გადახვევა საყოველთაო საარჩევნო უფლების პრინციპიდან, საფრთხეს უქმნის ამგვარად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს და მის მიერ განხორციელებული ქმედებების დემოკრატიულ ლეგიტიმაციას.

საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეთა დიდ ნაწილს საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის უწევდა შორი დისტანციის (ძირითადად, რამდენიმე ასეული კილომეტრის) გავლა, რაც ართულებდა, ცალკეულ შემთხვევაში კი შესაძლოა, გამორიცხავდა ხმის უფლების რეალიზებას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ თანახმად, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა წარმოადგენდა 95 910-ს, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი – 34 574-ს. არ გამოირიცხება, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა (თუ უმრავლესობამ არა) არჩევნებზე მისვლა ვერ შეძლეს სწორედ გეოგრაფიული დისტანციის გამო.

შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა სადავო ნორმების მიმართებას საარჩევნო უფლებასთან.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცხადი ხდებოდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეექმნათ არა უბრალო დისკომფორტი ხმის მიცემის უფლების რეალიზების პროცესში, არამედ, ზოგ შემთხვევაში, დაუწესდათ მნიშვნელოვანი ბარიერი.

მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იყო არა რაიმე ინდივიდუალური შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მყოფ პირს საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის შორი დისტანციის დაფარვა უწევდა, არამედ ხსენებულის დამადასტურებელი სისტემური პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უბნები გახსნილი იყო მხოლოდ სამ ლოკაციაზე (ქ. ნიუ იურკში, ქ. სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში) რაც თავისთავად განაპირობებდა, რომ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილიდან საარჩევნო უბანი დაშორებული იყო 1000 კილომეტრზე მეტით.

აღნიშნულის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა საჭიროებდა მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, რისი არსებობის გონივრული შესაძლებლობაც მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია.

საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე განჩინებაში თვითინიციატივით უთითებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის დამაბრკოლებელ ფაქტორად ადამიანურ და მატერიალურ რესურსზე, თუმცა არ მოუსმენია საკუთრივ აქტის მიმღები ორგანოსაგან, რა იყო რიგ ქალაქებში საარჩევნო უბნების გახსნაზე უარის თქმის რეალური მიზეზი, როგორი იყო აქტის შემოქმედის ხედვა/ახსნა – მთლიანად/ნაწილობრივ უკავშირებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებულ ფაქტორს, თუ სხვა გარემოებებით იყო განპირობებული.

მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო საქმე, გამოეკვლია, თუ რა მოტივით გახსნა/არ გახსნა უბნები საზღვარგარეთ ცესკომ, შეეფასებინა ის ტვირთი, რასაც სახელმწიფოსათვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა წარმოშობდა, რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნდა და საქმის სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.