როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები - უკრაინის ელჩის მ/შ-ის წერილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში იმ „პრინციპულ საკითხებზე“ საუბრობს, რაზეც უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის უთანხმოებაა. კასიანოვის თანახმად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას სთხოვდა დაებრუნებინა „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც უკრაინამ ჩვენს ქვეყანას 2008 წლის ომის დროს გადასცა. ასევე, დახმარებოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებით. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი წერილში ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების უარს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. კასიანოვი წერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზეც და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორებზე, რის გამოც უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები საქართველოში ხანგრძლივად არ რჩებიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის, საქართველოს მიმართ შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. უკრაინა რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე ღიად აცხადებდა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ.

კერძოდ, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ შეთავაზებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ“, - წერს ანდრი კასიანოვი, რომელიც 2022 წლის მარტში საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შემდეგ, ელჩის მოვალეობას ასრულებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ კამათში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთის ფედერაციასთან ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობის შესახებ.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ საკითხს უწოდებს. კასიანოვის განცხადებით, სწორედ ამიტომ, უკრაინა სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას მოწყალება გამოიჩინოს და გადაიყვანოს ის სამკურნალოდ ევროპის თუ აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

კასიანოვი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქართველოს ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ

2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გასული წლის 24 თებერვლიდან საქართველოში სულ 182 ათასი უკრაინელი შემოვიდა, მაგრამ ამავე დროს - 1 მილიონ 268 ათასი რუსი და 149 ათასი ბელორუსი. მათგან საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა უკრაინის დაახლოებით 25 000 და რუსეთის 116 000 მოქალაქე.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მიუხედავად, ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების ხანგრძლივად ყოფნის ხელისშემშლელ ფაქტორებად ასახელებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების - „პუტინის და უკრაინული მოსახლეობის გენოციდის პოლიტიკის გააფთრებული მხარდამჭერების ანომალიურად მაღალ რაოდენობას“, ასევე, ამით გამოწვეულ ფასების ზრდას ბინებსა და სურსათის ფასებზე.

„როგორც ჩვენი თანამემამულეების, ისე ჩვენი სასტიკი მეზობლების კონცენტრაცია აღინიშნება საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

საქართველოში უკრაინელების უფრო ხანგრძლივად ყოფნისთვის არახელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს ფასების მკვეთრი ზრდა როგორც საცხოვრებლის ქირაზე, ასევე საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე, მათ შორის, რუსების არანორმალური რაოდენობის გამო.

ფასები ბევრად მაღალია ვიდრე უკრაინაში და ევროპის ბევრ დედაქალაქში, ხოლო დასაქმების შესაძლებლობები და ხელფასები დაბალი რჩება. შედარებისთვის, საქართველოს მთავრობის დახმარება უკრაინულ ოჯახზე დაახლოებით 100 დოლარს შეადგენს, მომსახურების სფეროში არაკვალიფიციური მუშაკის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 300 დოლარია, ხოლო თბილისში ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება 600 დოლარიდან იწყება და მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოდგომაზე, რუსეთის ფედერაციაში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ“, - წერს კასიანოვი.

მისივე თქმით, „ასეთი პრობლემების არსებობის დროსაც კი“, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებში უფრო მეტი პოზიტივია. ანდრი კასიანოვი პირველ რიგში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს ახსენებს და აღნიშნავს, რომ  „სამწუხაროდ, უკვე 36-მა ქართველმა გმირმა გაწირა სიცოცხლე საერთო ვერაგი მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად. მათი გამარჯვებები და ვაჟკაცობა სამუდამოდ დარჩება უკრაინელების მეხსიერებაში“.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი წერს, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის და ბათუმის საჯარო სკოლებში 4 უკრაინული სექტორის გახსნაზე, 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უკრაინის მოქალაქეების სასტუმროს ხარჯების დაფინანსებაზე, მთავრობის, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ბიზნეს წრეების, საჯარო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და დაინტერესებული მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით შეგროვილ და უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთზე - 1120 ტონა საკვები, მედიკამენტები, პირველადი საქონელი, ტანსაცმელი და ა.შ.

კასიანოვის განცხადებით, „მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქცია „გაუზიარე სინათლე“, რომელსაც ქართული პოლიტიკური პარტიები და მოძრაობებიც შეუერთდნენ და რამაც შესაძლებელი გახადა მოკლე დროში უკრაინისთვის, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, 470-ზე მეტი გენერატორის მოგროვება და გაგზავნა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში უკრაინას 25 სამრეწველო დანიშნულების გენერატორი (კერძოდ, 400 და 600 კვტ სიმძლავრის) გადასცა, რომლებიც უკვე კიევში, ლვოვში, ხარკივში, მიკოლაივსა და გოსტომელშია“. 

26 დეკემბერს, 2022 წლის შეჯამებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ „უკრაინელ მეგობრებს“ დაეხმაროს: „ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო და, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა, მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).