ქალაქ სიღნაღში, ისტორიული ციხე-გალავნის თაღს, რომელიც სოფელ ანაგიდან ასასვლელ საავტომობილო გზაზე მდებარეობდა, გვიან ღამით სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და თაღი მთლიანად დაანგრია. ციხე-გალავანი, რომელიც სიღნაღს ეკვრის, 1762 წელს არის აშენებული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც მას კიდევ უფრო მეტად უნდა იცავდეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობით, ძეგლის ეს ნაწილი აღარ გვაქვს, განადგურებულია!
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სატვირთო ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. ის ლაგოდეხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
სიღნაღის მცხოვრებლებმა „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, რომ წნორისა და სოფელ ანაგის მხრიდან სატვირთო ავტომობილები, ტრაილერები ხშირად იჭედებიან ისტორიული ციხე-გალავნის თაღებში. შემთხვევების შესახებ მათ არაერთხელ აცნობეს სიღნაღის პოლიციას და მერიას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გიორგი ელიზბარაშვილის თქმით, Google Maps-ის ნავიგაცია, ანაგიდან და წნორიდან, სიღნაღის გავლით, თბილისისკენ მოკლე მანძილს აჩვენებს. ამიტომაც უცხო ქვეყნის მძღოლები ამ მარშრუტის გამოყენებას ცდილობენ.
„ძირითადად, ღამით ხდება. წუხელაც ნისლი იყო. როგორც ჩანს, სატვირთოს მძღოლმა თაღი ვერ შეამჩნია, დაეჯახა და მთლიანად ჩამოანგრია. როცა თაღში ვერ ეტევიან, მძღოლებს იქვე მცხოვრებლები ეხმარებიან, რომ მანქანა როგორმე უკუსვლით გამოიყვანონ. წნორის მხრიდან თუ ამოდიან, ციხე-გალავნის პირველ თაღში ეტევიან, მეორეში ვეღარ. ამ პრობლემის თაობაზე ყველამ იცის.
ეს საკითხი წელს რამდენჯერმე დავაყენეთ სიღნაღის საკრებულოს და შესაბამისი კომისიის სხდომებზე. ვითხოვდით, რომ ანაგასა და წნორში, საქობოში, საიდანაც სიღნაღისკენ მომავალი საავტომობილო გზები იწყება, ამკრძალავი ნიშნები დაგვეყენებინა, რათა სატვირთო ავტომობილები ამ გზით აღარ წამოსულიყვნენ.
ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ დღეს, ხვალ და ამასობაში, მთელი წელი გავიდა, ორი-სამი ამკრძალავი ნიშანი არ დადგეს“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ გიორგი ელიზბარაშვილმა.
საკრებულოს სხვა წევრებმაც დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მოთხოვნა საკრებულოს და კომისიის სხდომებზე ნამდვილად იქნა დაყენებული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მალხაზ ბეგიაშვილის თქმით, ჩამონგრეული თაღის აგურებიდან რაც მთელი დარჩა, გადაარჩიეს, დაასაწყობეს და თაღს აღადგენენ.
სიღნაღის მერს ვკითხეთ - რატომ არ დადგა მერიამ ამკრძალავი ნიშნები, რომ სატვირთო ავტომობილებს გალავნის მიმართულებით აღარ ემოძრავათ და თუ საავტომობილო გზის ამ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება გზების დეპარტამენტს ეხება, რატომ არ მიმართა მერიამ ამ უწყებას შესაბამისი მოთხოვნით დროულად. მერმა ამ კითხვებზე არ გვიპასუხა. თქვა, რომ თათბირზეა და თაღის დანგრევის შესახებ ტელევიზიებთან უკვე ილაპარაკა. კონკრეტულად ამ საკითხებზე მერს არაფერი უთქვამს არც სატელევიზიო მედიის ჟურნალისტებთან.
სისხლის სამართლის კოდექსით სამსახურებრივი გულგრილობა დანაშაულია - ეს გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სისხლის სამართლის წესით ისჯება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება ან განადგურებაც.
პოლიციამ გამოძიება არ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ანა მირიანაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით, 250 ლარით დააჯარიმეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სიღნაღის ისტორიულ ციხე-გალავანი ძირითადად რიყის, დიდი ზომის ქვითაა ნაშენი, შიგადაშიგ ჩართულია აგურის წყობა. ციხის სიგრძე 3,5 კილომეტრია და მასში 23 კოშკია ჩაშენებული. მრგვალი კოშკები ქონგურებით გვირგვინდება. ერთ-ერთ კოშკში წმინდა სტეფანეს ეკლესიაა. ქალაში შესასვლელები დიდი, მძლავრი თაღებითაა გამოყვანილი. ამ თაღებიდან ერთი აღარ არსებობს.
„საქართველოს ამბები“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან და საკრებულოდან წერილობით უკვე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები დროულად, რაც ძეგლს განადგურებისგან გადაარჩენდა.