ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება დიდი გამოცდაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ვერ აბარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პრეზდიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პავილიონისმა უპასუხა მედიის შეკითხვას, რა სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ ევროპულ საბჭოს, რომელსაც 8 ნოემბერს საქართველოს საკითხი უნდა განეხილა, „ამისთვის დრო არ ეყო“.
„სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ მთავრობის შედეგი - ის ჩამორჩება დღის წესრიგს. მახსოვს, როცა აქ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩამოვდიოდი, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ჩემპიონი იყო. ახლა ამის განხილვის დრო არავის აქვს.
მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ჩემი საკუთარი ქვეყნის გაწევრიანებაზე. თუ გინდა ევროკავშირში შესვლა, ეს ყველაზე დიდი გამოცდაა, რომელიც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს. ეს არ არის მხოლოდ ევროპული საბჭო, არ არის მხოლოდ ევროკომისია, არ არის მხოლოდ ევროპარლამენტი. ეს არის ყველა მთავრობა, ყველა და თითოეული პარლამენტი, თუნდაც პარლამენტის კონკრეტული კომიტეტები, რომლებმაც უნდა თქვან „დიახ“. საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს.
დაიმახსოვრეთ, გაწევრიანების მოლაპარაკებები სამთავრობათაშორისო კონფერენციაა, ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად. ასე რომ, როცა „ქართული ოცნება“ (რაღაც „ოცნება“) გეუბნებათ, რომ გაწევრიანებას უზრუნველყოფს, ისინი უბრალოდ ცრუობენ“, - თქვა პავილიონისმა.
ლიეტუველმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ის და საქართველოში მყოფი კიდევ 7 ევროპული ქვეყნის დეპუტატები რეალურად წარმოადგენენ ევროკავშირის 19 ქვეყნის პარლამენტებს, რომელთა წევრებმაც ხელი მოაწერეს ერთობლივ კრიტიკულ განცხადებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.
ჟიგიმანტას პავილიონისის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება მათთან შეხვედრაზე უარის შესახებ, „საბჭოურია“.
„ეს ძალიან საბჭოურია. რეალურად, შევამჩნიე, რომ ეს ტენდენცია უკვე სამი-ოთხი წლის წინ იყო - ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, მას არ ხვდებიან.
მე აქ ჩამოვედი არ ვიცი რამდენჯერ, ბოლო სამი წლის განმავლობაში შეხვედრები არ მქონია, შესაძლოა, იმ მცირე გამონაკლისის გარდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შევხვდი, მაგრამ როგორც წესი, თუ აკრიტიკებ, გარეთ რჩები. ეს საბჭოურია“, - აღნიშნა პავილიონისმა.
საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები იმყოფებიან. მათ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზად დელეგაციის ზოგიერთი წევრის, მათ შორის ჟიგიმანტას პავილიონისის „არამეგობრული დამოკიდებულება“ დაასახელა. იგი დელეგაციის წევრებს საქართველოში „ევროპის სახელით არეულობის დათესვაში“, არჩევნებში ჩარევასა და ქვეყნის კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.