ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი, რომელიც ჟენევაში 5-6 დეკემბერს ჩატარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჯამა. რუსული მხარის განცხადებით, აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების გაძლიერება და საქართველოსთან „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეგიდით, რათა სწრაფად დაიწყოს არსებითი სამუშაოები სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების დადებაზე საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ასევე, საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას შემდგომი დემარკაციით.
სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მზარდი აქტიურობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით მომარაგებით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მონაწილეები თანხმდებიან, რომ „ვითარება „ადგილზე“ - ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში, ცალკეული ინციდენტების გამოკლებით, ზოგადად სტაბილური რჩება“.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები სოფელ კირბალში რუსი სამხედროების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე გაიმართა, თუმცა ეს საკითხი რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ არის.
ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა, ხოლო ქართულ დელეგაციას - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ლაშა დარსალია. ქართულ მხარეს მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი, მე-60 რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები, აშშ და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან.
