რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ თბილისში რუსული კანონი არ გააპროტესტონ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარიოვი ამბობს, რომ ბოლო დღეებში, საქართველოში გადმოსახლებული რუსები „ყოყოჩობენ“ თბილისში მიმდინარე აქციებში „მასობრივი მონაწილეობით“. პისკარიოვი მათ ურჩევს, აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს გასაკვირი არ არის. თბილისის ქუჩებში მასის შესაქმნელად, „ფერადი“ რევოლუციების დასავლელი სპეციალისტების მიერ ხდება რუსეთიდან გაქცეულების, შემოწმებული აქტივის მიზიდვა. რუსეთის მოქალაქეებს ვურჩევ თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან. არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა და იარაღად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, - ამბობს ვასილი პისკარიოვი.

„ქართული ოცნების“ რუსულ კანონს მოსკოვში არაერთხელ გამოეხმაურნენ. დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რუსული კანონი „ძალიან ლმობიერია“.

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის პირველ ვერსიას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2012 წლის ივლისში მოაწერა ხელი, რამაც იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, აგენტის სტატუსი მიენიჭებინა მხოლოდ არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკაში მონაწილეობდნენ. წლების განმავლობაში კანონი გამკაცრდა და მასში არაერთი ცვლილება შევიდა. 2017 წლიდან დაიწყო უცხოური მედიასაშუალებების - მათ შორის, რადიო თავისუფლების და მისი პროექტების - „უცხოურ აგენტებად“ მონიშვნა. 2019 წლიდან რეპრესიული კანონი გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც (როგორც რუსეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე), რომლებიც მონაწილეობენ „უცხოური აგენტის“ სტატუსის მქონე მედიის მასალების შექმნაში ან ავრცელებენ მათ მასალებს/მესიჯებს. ფაქტობრივად, კანონი გავრცელდა ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურია. 2020 წლის ბოლოს ამ ცვლილების აღსრულება დაიწყო და „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადეს ცალკეული ჟურნალისტები, აქტივისტები და უფლებადამცველები. 2022 წლის ბოლოდან „უცხოურ აგენტებად შეიძლება გამოცხადდეს ნებისმიერი, რომელიც იღებს უცხოურ მხარდაჭერას ან არის „სხვაგვარი უცხოური გავლენის ქვეშ“, უცხოური დაფინანსების მიღების გარეშე. გარდა ამისა, კანონში შემოიღეს „უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული პირების“ ცნება და მათთვის ცალკე რეესტრია შექმნილი.

ამ კანონმა რუსეთში დამოუკიდებელი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები თითქმის მთლიანად გააქრო.

2022 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადებული 73 არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, რაც ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული უფლებაა.

„იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც „საზოგადოების დარაჯებს“, შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი როლი, მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონი 83 ხმით, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღო. მმართველი პარტია აპირებს, კანონი სამივე მოსმენით პარლამენტის მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დაამტკიცოს, მიუხედავად ხალხის პროტესტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების გაფრთხილებებისა, რომ „ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).