„საქართველო არ არის ჯორჯია“ - რას ამბობენ მოსკოვში თბილისში მიმდინარე პროტესტზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, მოქმედებენ არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უცხოური აგენტების კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება რუსეთს აწყობს. ამასთან დაკავშირებით სწორი იქნება ითქვას შემდეგი: ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს შიდა საქმეებში გარე ჩარევა.

ასეთი ისტერიკა შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში მიღებულია გადაწყვეტილებები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის უკვე გამოყოფილია ფული, კანონის მიღებამ  კი შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმა“, - ამბობს რუსეთის დუმის თავმჯდომარე.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს „რუსული“ არ უნდა ეწოდოს. მისი თქმით, ამ კანონპროექტის ან საქართველოს შიდა პოლიტიკის დაცვის სურვილის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება.

„არანაირად არ არის რუსული. დღეს ეს ნორმალური პრაქტიკაა უამრავ სახელმწიფოში, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი დაიცვან გარე გავლენისგან - შიდა პოლიტიკაზე უცხოური გავლენისგან. ცდილობენ ეს შიდაპოლიტიკური პროცესი ანტირუსული განწყობების პროვოცირებისთვის გამოიყენონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსები საქართველოდან მოდიოდეს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა.  მისი თქმით, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ახლა განსახილველი კანონის წინა ვერსია უკან გაიწვია, რადგან ის ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო.

„დიახაც, მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტის ოკეანე, საქართველო არ არის ჯორჯია, მიუხედავად სახელების მსგავსებისა.  

ამავდროულად, ევროკავშირი ახლა გეგმავს უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას - უფრო მკაცრის, ვიდრე თუნდაც აშშ-შია“, - ამბობს მედვედევი და აღნიშნავს, რომ ერთი თვით ადრე, დასავლეთის მწვავე კრიტიკის ტალღა გამოიწვია ყირგიზეთში მიღებულმა კანონმა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს.

მედვედევის განცხადებით, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედი კანონისგან განსხავევბით, უცხოური აგენტების შესახებ ქართული, ყირგიზული ან „სრულიად ლოიალური რუსული კანონით“ უცხოელი აგენტების საქმიანობა ნებადართულია, „მაგრამ სავსებით სამართლიანად მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

„ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ კანონი, საფუძვლად ავიღოთ ზოგიერთი ამერიკული წესი. მაგალითად, დავაწესოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უცხოური აგენტებისთვის, როგორც შტატებშია. და თანდათან გავზარდოთ უცხოური აგენტების რიცხვი ათასებამდე, როგორც მათთანაა. რატომ არის ჩვენთან საცოდავი ასეულები? ხომ არიან ღირსეული კანდიდატები. ნამდვილად არიან. უკეთესად უნდა ვეძებოთ!“, - ამბობს დიმიტრი მედვედევი.

17 აპრილს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს კანონი საქართველოს სუვერენიტეტს დაიცავს.

„კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, აგრეთვე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები“, - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს მოუწოდებენ, აღნიშნული კანონი არ მიიღოს, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. „ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას თქვა, რომ „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).