რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ურთიერთდახმარების აღმოჩენას შეთანხმების ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში სახელმწიფო ვიზიტით 18 ივნისს ჩავიდა. ფხენიანის აეროპორტში მას თავად კიმ ჩენ ინი დახვდა. დღეს მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს.
„დღევანდელ მოლაპარაკებებზე დიდი ყურადღება მიექცა უსაფრთხოების საკითხებს და საერთაშორისო დღის წესრიგს. ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად იცავენ უფრო სამართლიანი და დემოკრატიული, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების იდეას. ის უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას და კულტურულ-ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას.
რუსეთის ფედერაცია არ გამორიცხავს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დღეს ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგებიან „პოლიტიკურად მოტივირებული“ სანქციებისა და შეზღუდვების გამოყენებას. „ასეთი არალეგიტიმური ქმედებები მხოლოდ ძირს უთხრის გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთს „ყველაზე პატიოსანი მეგობარი და მოკავშირე“ უწოდა, ხოლო პუტინს „კორეელი ხალხის ყველაზე ძვირფასი მეგობარი“.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი გლობალური უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა.
„ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი ადასტურებს მჭიდრო კავშირებს რუსეთსა და ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, როგორებიც ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ირანი არიან. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება არა რეგიონალური, არამედ გლობალურია. ის, რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელოვანია აზიისთვის, რაც ხდება აზიაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს ნათლად ჩანს უკრაინაში, სადაც ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას“, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დღდღეს ხელმოწერილი დოკუმენტი ჩაანაცვლებს ორ ქვეყანას შორის 1961 წელს გაფორმებულ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას და 2000 წლის კეთილმეზობლობის ხელშეკრულებას. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განმარტა, რომ ახალი დოკუმენტის საჭიროება განპირობებულია მსოფლიოში და რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის „ღრმა ევოლუციით“, ასევე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო დროს მომხდარი „ხარისხობრივი ცვლილებებით“.
პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლოს 2000 წელს იყო ჩასული და მაშინ კიმ ჩენ ინის მამას, ჩრდილოეთ კორეის მაშინდელ მეთაურს, კიმ ჯონგ ილს შეხვდა.
