რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღო კანონში ცვლილება, რომელიც ე.წ. „უცხოელ აგენტებს“ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც „უცხოელ აგენტთა სიაში“ არიან შეყვანილი, ჩამოერთმევათ უფლება, იყვნენ არჩეულნი ხელისუფლების ფედერალურ და რეგიონულ, ასევე ადგილობრივ ორგანოებში. იმ მოქალაქეებს, ვინც „უცხოელ აგენტებთან აფილირებულ პირებად“ არიან აღიარებულნი, მოეთხოვებათ ეს სტატუსი საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ყველანაირ მასალაში მიუთითონ.
გარდა ამისა, „უცხოელ აგენტებს“ ეკრძალებათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა და დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობა. ისინი ვერ იქნებიან ვერც კანდიდატებისა და საარჩევნო გაერთიანებების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კანონი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებული „უცხოელი აგენტებისთვის“ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც კანონის ძალაში შესვლიდან 180 დღეში მოხდება.
„პირის უცხოელ აგენტად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის უცხოეთიდან ფულის მიღება. ან იქნებით თქვენი ქვეყნის მოქალაქეები, იმუშავებთ თქვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ან ვერ წარმოადგენთ მოსახლეობას ხელისუფლების ორგანოებში. მას, ვინც უკვე აღიარებულია უცხოელ აგენტად, არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ აქვს შანსი, შესაბამისი პროცედურის ფარგლებში თავი დააღწიოს ამ სტატუსს, შეწყვიტოს თავისი საქმიანობისთვის ფულის საზღვარგარეთიდან მიღება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ხოლო ის, ვინც ფულს საზღვარგარეთიდან იღებს და სახელმწიფო ორგანოებში არჩევა უნდა, უარი უნდა თქვას ფულზე, დაფიქრდეს, რომ არასწორ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
გამოცემა „ნასტოიაშეე ვრემიას“ ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს იმ ფონზე, როდესაც „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა დაიწყეს კამპანია მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების წარდგენის მიზნით. არჩევნებში, რომელიც 2024 წლის სექტემბერში უნდა ჩატარდეს, მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ესპანეთში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა ტატიანა ლაზარევამ, აშშ-ში მცხოვრებმა ჟურნალისტმა სერგეი მარკელოვმა და სხვებმა.
„იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი აგენტების რეესტრში შეყვანილი პირების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ, აქვთ ანტირუსულ პოზიციები და მხარს უჭერენ, მათ შორის ფინანსურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, აუცილებელია ამ კატეგორიის პირებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა“, - განაცხადა სერგეი მირონოვმა, ფრაქციის „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ თავმჯდომარემ და ცვლილებების ინიციატორმა.
საკანონმდებლო ინიციატივა დუმაში აპრილის დასაწყისში წარადგინეს და დაუყოვნებლივ მიიღეს. კანონის ძალაში შესვლისთვის ცვლილებები ფედერაციის საბჭომ და პრეზიდენტმაც უნდა დაამტკიცონ.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 წელს მიიღეს, რაც იყო პასუხი 2011-2012 წლების საპროტესტო გამოსვლებზე. კანონი არაკომერციულ (არასამთავრობო) ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა, რომელთაც რუსეთის ხელმძღვანელობა განიხილავდა როგორც ინსტრუმენტის, რომლის დახმარებითაც, თითქოსდა, დასავლეთი რუსეთში ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა. 2017 წლიდან „უცხოელი აგენტების“ კანონი მედიასაშუალებებზეც გავრცელდა. დღეს ეს სტატუსი შესაძლოა მისცენ ნებისმიერს ფიზიკურ პირს (ან ფიზიკურ პირთა გაერთიანებას), განურჩევლად მოქალაქეობისა, სამართლებრივი ფორმისა და იურისდიქციისა, თუ ისინი მონაწილეობენ რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში და იღებენ უცხოურ დაფინანსებას. უცხოური წყაროს მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ფულად დაფინანსებაში, არამედ ორგანიზაციული, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური, ტექნიკური და სხვა სახის დახმარების გაწევაში. ამ დროისთვის რუსეთში „აგენტების“ ოთხი რეესტრი არსებობს: არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვის, მედიისთვის და ფიზიკური პირებისთვის. რეპრესიულმა კანონი გახდა კრემლის მთავარი იარაღი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად.