რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დეპუტატები აპირებენ, „უცხოელ აგენტებს“ დამატებითი შეზღუდვები დაუწესონ და რუსეთის ფედერაციაში ჩარიცხულ ჰონორარებზე წვდომა შეუზღუდონ, ვიდრე მათი სტატუსი არ გაუქმდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „გარე გავლენის ქვეშ მყოფი პირების საქმიანობაზე კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი სათათბიროს დღეს წარედგინება. იგი ადგენს, რომ „უცხოელი აგენტები“ მიღებული ფულის განკარგვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოელი აგენტებისთვის“ სავალდებულო იქნება სპეციალური რუბლის ანგარიშის გახსნა, სადაც ჩაირიცხება „ნებისმიერი შემოსავალი შემოქმედებითი საქმიანობიდან“. თუ „უცხოელს აგენტად“ გამოცხადებული პირი ან ორგანიზაცია ამას არ გააკეთებს, აღნიშნული ვალდებულება დაეკისრება იმას, ვინც „უცხოელ აგენტს“ ჰონორარს ურიცხავს.
„უცხოელი აგენტები სპეციალური ანგარიშიდან თანხების მართვას მხოლოდ „უცხოელი აგენტის“ სტატუსის გაუქმების შემდეგ შეძლებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება თანხების ბიუჯეტში გადარიცხვა.
ჩვენი ამოცანაა, რომ კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით მომდევნო კვირაში დავიწყოთ. მეორე მოსმენისთვის ვგეგმავთ მოვამზადოთ დამატებითი წესები მოძრავი და უძრავი ქონების რეალიზაციიდან, იჯარით გადაცემიდან მიღებული თანხების და სხვა შემოსავლების სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ“, - განაცხადა ვოლოდინმა.
დუმის თავმჯდომარის თქმით, ამჟამად „უცხოელ აგენტად“ 491 ადამიანია აღიარებული, რომელთა უმეტესობა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ ჰონორარს რუსეთიდან იღებს.
„ისინი თავს უფლებას აძლევენ გააგრძელონ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფა, არ ერიდებიან იმის თქმას, რომ მიღებულ თანხას, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე ხარჯავენ. ეს მიუღებელია“, - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
რუსეთში ხელისუფლებას შეუძლია „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც, მისი აზრით, „უცხოური გავლენის ქვეშ“ იყოფება. ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონმდებლობა რუსეთში დაახლოებით ათი წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ მასში მუდმივად შეაქვთ ცვლილებები. „უცხოელ აგენტებს“ ეკრძალებათ სახელმწიფო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, საარჩევნო კომისიის წევრობა და ა.შ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთში მოქმედი კანონი არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას.
