რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს ფრენების დაწყებაზე ნებართვის მისაღებად მიმართეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა, აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი მიიღეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სააგენტო ავიაკომპანიებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ ნებართვები მას შემდეგ გაიცემა, რაც „დეტალურად იქნება შესწავლილი“ მათი სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დაწყებას აპირებენ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და „საქართველოს ავიახაზები“. გამოცემა RBC წერს, რომ „აზიმუტი“ თბილისის მიმართულებით კვირაში ექვსჯერ გეგმავს ფრენას. მას უკვე მიღებული აქვს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს - „როსავიაციის“ ნებართვა. მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე „როსავიაციისგან“ ნებართვის მიღება მოითხოვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ - Red Wings-მა („წითელი ფრთები“). ნებართვები გააჩნიათ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ „აეროფლოტსა“ და Nordwind Airlines-ს.

„საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი.

ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, კოსულტაციებს აწარმოებენ და სწავლობენ იმ სახელმწიფოების მაგალითებს, რომლებიც სანქციებს იცავენ და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან.

პირდაპირი ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს სახელმწიფო კომპანია, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც“:

„საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე - შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“.

საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი -საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმა.

ევროკომისია საქართველოს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისკენ მიისწრაფვის, მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს და იყოს ფხიზლად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით. ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სანქციების გამო, რუსული კომპანიების 95%-ს არ შეუძლია განაახლოს ან გააუმჯობესოს თვითმფრინავები, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა საქართველოს აეროპორტებში მომუშავე ის კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ დღეს, 15 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.

 

ამ თემაზე:

პრეზიდენტი ხელისუფლებას რუსეთთან 3-თვიანი სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდებს

მთავრობას მიმართავენ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დააწესოს და უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).