სააპელაციოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია ბაქრაძემ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმეზე დისკრიმინაციის მუხლთან ერთობლიობაში გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დაადგინა. საქართველოს სახელმწიფოს ყოფილი მოსამართლისთვის, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, 4500 ევროს გადახდა დაეკისრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს იყო რვაწლიანი ბრძოლა მარტივი ჭეშმარიტებისთვის. მართალია, მე ვერ შევძელი ამ ჭეშმარიტების დამტკიცება ჩემს ქვეყანაში, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევა და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დებულებები ჩამოაყალიბა. მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, თითოეულ მოსამართლეს, რომ იხელმძღვანელონ საკუთარი სინდისით და არ წავიდნენ კომპრომისზე სინდისთან.

ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სამართალწარმოების დროს, ამ დავაში რაღაც ერთიან სისტემად იქცა და დამიპირისპირდა“, - განაცხადა მაია ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაია ბაქარძე 2005 წელს წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა ათი წლის ვადით. ის მალევე მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2006 წლამდე მუშაობდა, შემდგომში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2015 წლის სექტემბერში მაია ბაქრაძეს ათწლიანი სამოსამართლო ვადა ამოეწურა. 2015-2016 წლებში მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა მოსამართლედ ხელახალი დანიშვნის მიზნით. ის ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობის“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი იყო, რომელიც მოსამართლეების დამოუკიდებელ გაერთიანებას წარმოადგენდა და გამოირჩეოდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების მიმართ კრიტიკით. საბჭოს გადაწყვეტილებით, არცერთ შემთხვევაში, მაია ბაქრაძე ხელახალი ვადით მოსამართლედ არ დაინიშნა.

მაია ბაქრაძემ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წელს, უზენაესმა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

2020 წელს ყოფილმა მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ის დავობდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლისა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობის თაობაზე კრიტიკული შეხედულებების საფუძველზე, შემდეგ კი, ამავე მიზეზით თანამდებობაზე არ გაამწესა.

ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას მაია ბაქრაძისთვის დასმული შეკითხვების უმეტესობა მიკერძოებული იყო, შეეხებოდა „მოსამართლეთა ერთობასა“ და ამ ორგანიზაციაში მომჩივნის როლს, ასევე, მის ხმამაღალ კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებული კითხვების შინაარსისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კითხვები გასცდა განმცხადებლის კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმების მიზანს, გამოავლინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიკერძოება და წინასწარგანწყობა აპლიკანტის მიმართ.

„თავის დროზე, სასამართლოში მოქმედმა კლანმა სწორედ იმის გამო არ გადანიშნა მაია ბაქრაძე მოსამართლედ, რომ ის იყო კრიტიკული და არ ექვემდებარებოდა კონიუნქტურას. რეალურად, ეს გადაწყვეტილება უდიდესი რეპუტაციული დარტყმაა კლანური სასამართლოსთვის და მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე დანიშვნა/დაწინაურებების პროცესისთვის. 

ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურების პროცესი არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული და რეალურად, ემსახურებოდა სისტემიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრების განდევნას“, - განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, გურამ იმნაძემ.

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება, იმსჯელონ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება ტრანსფორმირდეს მათ ვალდებულებაში, საჯაროდ ისაუბრონ კანონის უზენაესობისა და სამოსამართლო დამოუკიდებლობის დასაცავად, როდესაც ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს საფრთხე ემუქრებათ. სასამართლოს განმარტებით, მოსამართლეთა თავშეკავებულობის ვალდებულება არ გამორიცხავს მოსამართლეების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მონაწილეობას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.