„გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ წევრებმა დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ემიგრანტების ოფიციალური მიმართვები მიიტანეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები მათ საცხოვრებელ ქალაქებში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვითხოვ, ოფიციალურად დაადასტურონ, რომ იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და ითხოვს უბნის გახსნას, გაიხსნება დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებით, შემდეგ კი ცესკოს მიეცემა საშუალება, რომ უბანი გახსნას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერები 65-ზე მეტ ქალაქში გროვდება. აქედან 15-მდე ქალაქიდან უბნის გახსნის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა, თუმცა უპასუხოდ არის დარჩენილი.
„თუ კიდევ არ გაგვცემენ პასუხს, გასაგები უნდა იყოს „ოცნებისთვის“, რომ სადამკვირვებლო მისიებს ჩვენგან მიწოდებული ექნებათ ყველა დოკუმენტი. მერე დადგნენ და უმტკიცონ მათ, რამდენად სამართლიანია არჩევნები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერები განმარტავენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებს მხოლოდ იმ ქალაქებში ხსნის, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული და არა საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
„საკონსულო აღრიცხვის სისტემა ხარვეზიანია და ადამიანებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ აღრიცხავენ. ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან დაბრკოლებას. ამ დაბრკოლების მეშვეობით, „ქართული ოცნება“, რომელსაც ეშინია არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარების, ცდილობს, რომ ემიგრანტებს არ მისცეს საარჩევნო ხმის უფლება. საერთაშორისო პარტნიორებს ეცოდინებათ, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და როგორ უშლის ხელს ცენტრალური საარჩევნო კომისია ემიგრანტებს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაში“, - აღნიშნა „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ შეკითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დაუსვეს. დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოქმედებს და ამ თემაზე „პოლიტიკური სპეკულაციები“ მისთვის გაუგებარია.
„მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა - კოორდინირებულად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, კანონით დადგენილი ვადით.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი, მისცენ ხმა, არსებობს დადგენილი პროცედურა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის. ჩვენ, თითოეული დიპლომატი მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც არჩვენებში მონაწილეობა სურთ, დადგნენ აღრიცხვაზე და გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება“, - თქვა დარჩიაშვილმა.
პარტიებმა „დროა და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ კამპანია „საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“ დეკემბერში დაიწყეს და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
ცესკოში აცხადებენ, რომ ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს.
საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.