საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას გეგმავს და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდ ლარს გამოყოფს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროგრამის განხორციელება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„საბავშვო ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი) ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს ჩვენ დავიწყებთ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან. ამ პროგრამის დასაფინანსებლად მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში დაგვიჯდება 1.3 მილიარდი ლარი, სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 1648 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 154 501 აღსაზრდელი ირიცხება. სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, 1-ელი აგვისტოდან ახორციელებს რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტს. ორგანიზაციამ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მთიან და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლა. მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში 5 ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღების მიღმაა დარჩენილი.
კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა ქართულ სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33% (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით, ტყიბულის, წალკის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქის, საგარეჯოს სოფლებში მოქალაქეებმა მოამზადეს და საკრებულოებში წარადგინეს ათზე მეტი პეტიცია სკოლამდელი დაწესებულებების შექმნისა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნით. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, ამ მხრივ რეგიონებში არსებულ უთანასწორო და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაზე არაერთი რეპორტაჟი მომზადდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა წერილობით და სხვადასხვა სოფლიდან 3000-მდე ხელმოწერით მიმართა პრემიერ-მინისტრსაც, რათა მთავრობამ მიიღოს ზომები, რომ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრებმა ბავშვებმა შეძლონ საყოველთაო, უფასო და სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლების რეალიზება.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ბავშვებისთვის მიწოდება. საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება.