საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების რეგისტრაცია და ბავშვის შვილად აყვანა დაუშვა. რეფორმას პარლამენტის 300 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 176-მა, 76 წინააღმდეგი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის უფლებებისთვის. იგი ასახავს დღევანდელ საბერძნეთს - პროგრესულ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ. მისი თქმით, საბერძნეთი ამაყია, რომ გახდა ევროკავშირის მე-16 ქვეყანა, სადაც ქორწინების თანასწორობა დაკანონდა.
პრემიერ-მინისტრი 15 თებერვალს, პარლამენტში გამართულ დებატებშიც მონაწილეობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ახალი კანონი დემოკრატიისთვის სერიოზულ უთანასწორობას აღმოფხვრის და გააუმჯობესებს საბერძნეთის ბევრი მოქალაქის ცხოვრებას.
„ეს არის ის, რასაც ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს არის ის, რასაც თავად ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რათა ჩვენს ირგვლივ აქამდე „უხილავი“ ადამიანები საბოლოოდ „ხილულები“ გახდნენ. და მათთან ერთად, ბევრი ბავშვი საბოლოოდ იპოვის თავის ღირსეულ ადგილს. ერთსქესიან წყვილებში ორივე მშობელს ჯერ არ აქვს თანაბარი სამართლებრივი შესაძლებლობები, მისცენ შვილებს ის, რაც მათ სჭირდებათ... გამოიყვანონ ისინი სკოლიდან, წაიყვანონ სამოგზაუროდ, მიიყვანონ ექიმთან ან საავადმყოფოში. სწორედ ამას ვასწორებთ ახლა“.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კანონი ეხება სამოქალაქო ქორწინებას, ხოლო რელიგიური ქორწინება ეკლესიის ექსკლუზიური საქმეა.
ახალი კანონის მიღებას მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგებოდა. მედიის ინფორმაციით, ეპისკოპოსები ეკლესიიდან განკვეთით დამუქრნენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც კანონის სასარგებლოდ მისცეს ხმა.
დღეისთვის ერთსქესიანთა ქორწინება მსოფლიოს 36 ქვეყანაშია ლეგალური. ესენია: ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, დანია, ეკვადორი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მექსიკა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ურუგვაი.
2023 წელს ქორწინების თანასწორობას ესტონეთის პარლამენტმა დაუჭირა მხარი და პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. კანონი ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა.
