რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აბსურდია „რუსული“ ეწოდოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს, რომლის მიღებასაც საქართველოს მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ეცდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რუსული მედიის ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე პესკოვს ჰკითხეს, თვალს ადევნებს თუ არა კრემლი „ქართული ოცნების“ განზრახვას, პარლამენტში შეიტანოს კანონპროექტი, რომელსაც ქართული ოპოზიცია „რუსულს“ უწოდებს.
„უდავოდ, საქართველო ჩვენი მეზობელია და ვითარების სტაბილურობა და პროგნოზირებადობა საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე, მკვეთრ რეაქციას მსგავს გეგმებზე. მაგრამ, ალბათ, უბრალოდ საჭიროა ამის რუსულ პროექტად მიჩნევის აბსურდულობის უფრო აქტიურად ახსნა“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოეთის აგენტებთან ბრძოლის სისტემა შეიმუშავა, შეერთებული შტატებია.
„ახლა კი თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის მათ, ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტები არიან, იღებს ფულს ან იმყოფებიან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. ეს უკვე, ფაქტობრივად, გლობალური პრაქტიკაა. არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა მის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვს მხედველობაში აქვს უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი (FARA), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიიღეს აშშ-ში ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით. სიტყვათშეხამება „უცხოური აგენტების“ გარდა, რუსულ კანონსა და ამერიკულ FARA-ს საერთო არაფერი აქვს.
შეერთებულ შტატებში უცხოურ აგენტად უნდა დარეგისტრირდეს ნებისმიერი პირი (მოქალაქეები ან ორგანიზაციები), რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოელი პრინციპალებისგან, მათ შორის კერძო პირებისგან და მონაწილეობენ აშშ-ს პოლიტიკურ აქტივობებში, ასრულებენ პიარის, ჟურნალისტის ან პოლიტიკური კონსულტანტის ფუნქციებს, ასევე იზიდავენ, აგროვებენ, ანაწილებენ ან ხარჯავენ ფულს უცხოელი პრინციპალის ინტერესების შესაბამისად. FARA მედიასაშუალებებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სარედაქციო პოლიტიკას უცხო ქვეყნის მთავრობა აკონტროლებს. სწორედ ამიტომ, ბრიტანული BBC და გერმანული Deutsche Welle აშშ-ში უცხოურ აგენტებად რეგისტრაციის გარეშე მუშაობენ, რადგან ეს სახელმწიფო მედიასაშუალებები დამოუკიდებლები არიან მათი ხელისუფლებისგან.
უცხოური აგენტების რუსულ სიაშია „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“. მათი ვებგვერდები, BBC-სა და DW-ის მსგავსად, დაბლოკილია. რუსეთში საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემის ნებისმიერი განხილვა შეიძლება ჩაითვალოს „პოლიტიკურ საქმიანობად“ და შესაბამისად, „უცხოური აგენტის“ სტატუსის მინიჭების საფუძვლად. უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების გარდა, რუსეთში უცხოურ აგენტებად აღიარებულები არიან გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდებიც კი.
ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, უცხოური აგენტების შესახებ 2013 წელს მიღებული რუსული კანონი რეალურად მიზნად ისახავს არა გამჭვირვალობას, არამედ იმ ადამიანებისა ან ორგანიზაციების ჩახშობას, რომლებიც ხელისუფლების თვალსაზრის არ ეთანხმებიან. გარდა ამისა, ინგლისურში „უცხოური აგენტი“ ჩვეულებრივი ტერმინია, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ამ ცნებას უარყოფითი კონტექსტი აქვს და „ჯაშუშობასთან“ ასოცირდება.