საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის 479-ე დადგენილებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბოგდანოვკაში, 50 წლით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (საგარეჯოს თიზ) იქმნება. საგარეჯოს თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ განახორციელებს, რომლის საკუთრებაშიც არის 1 117 450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საგარეჯოს თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ფუნქციონირება არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემბერს უნდა დაიწყოს.
შპს „ასი გრუპ ჯორჯიას“ დაევალა სოფელ ბოგდანოვკაში საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, საგარეჯოს თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებული იქნება მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.
კომპანია ვალდებულია 2023 წლის 1-ელ ივლისამდე შეიმუშაოს და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.
შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წლის 27 ივლისს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილის 100 %-ის მესაკუთრე და დირექტორი იორდანიის მოქალაქე ოსამა ი. მ. ალ შანტია.
შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ დაკავშირებულია შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიათან“, რომელმაც აგვისტოში გამართულ აუქციონზე, წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი „მედეა“ შეიძინა.
შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია“ 2021 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული და მისი ერთადერთი მესაკუთრე ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია. კომპანიის დირექტორია საქართველოს მოქალაქე დურმიშხან თიგიშვილი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, შპს „ასი გრუპ ჯორჯიას“ წარმომადგენელიცაა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში მითითებულ სოფელს სახელი ბოგდანოვკა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 თებერვლის N82 ბრძანებულებით გადაერქვა და მზისგული ეწოდება.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობაა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. აქ რეგისტრირებული საწარმოები თავისუფლდებიან დღგ-ის, მოგების, ქონების, იმპორტისა და ექსპორტის გადასახადებისგან. თიზ-ში გადახდების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ ვალუტაში.
მისი შექმნის მიზანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, კონკრეტულ რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, უმუშევრობის შემცირება ან ტექნოლოგიური უნარების გაუმჯობესებაა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონი პარლამენტმა 2007 წელს მიიღო, 2008 წელს კი საქართველოში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა.
დღეისათვის ქვეყანაში ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა კომპანია მართავს: China Energy Company Limited (CFFC) – ფოთის თიზ-ს; Georgian International Holding – ქუთაისის თიზ-ს; GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP – ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ს და BitFury-ის შვილობილი Georgian Technology Park – თბილისის თიზ-ს.