საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაუგებარი უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს დახმარების გაყინვის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება. შესაბამისად, იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს-ევროკავშირის თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმებაზეა დაფუძნებული და ვალდებულებები ყველას აქვს აღებული.
„ჩვენ თანმიმდევრობით, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ გამოვიყენებდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. ვფიქრობ, ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს მხადაჭერა შეაჩერა, ხოლო „სიტუაციის გაუარესების“ შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებაც განიხილება. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია.
„თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი [იგულისხმება რუსული კანონი - რედ.] მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო. ახლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ნაცვლად ამისა კი ის უდაბლეს დონეზეა.
მე ისღა დამრჩენია იმედი ვიქონიო, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და შემდეგი მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, განაახლებს ურთიერთობებს ევროკავშირთან“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაწყებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომლის ფარგლებშიც 5 ივლისს, თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი ვადით გადადო. პენტაგონის განმარტებით, „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“.
