უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო რუსეთისთვის ღვინის მიმწოდებელი მეორე ქვეყანა გახდა. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, გადახდის სირთულეების არარსებობისა და მარტივი ლოჯისტიკის შედეგად, 2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან რუსეთში 13.1 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 49%-იანი ზრდაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
საქართველომ უკან ჩამოიტოვა ესპანეთი, საიდანაც რუსულ ბაზარზე 12.2 მილიონი ლიტრი ღვინო იქნა ექსპორტირებული. პირველ ადგილს იტალია იკავებს.
რუსეთის ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე საქართველოს წილის ზრდა მხოლოდ ღვინოებით არ შემოიფარგლება. დაახლოებით 8.5-ჯერ გაიზარდა საქართველოდან შეტანილი ცქრიალა ღვინოების მოცულობა და 371.99 ათასი ლიტრი შეადგინა. ქართული კონიაკისა და ბრენდის მოცულობა 2.66 მილიონ ლიტრს (ზრდა 120%) აღწევს, რაც ამ კატეგორიაში მთელი იმპორტის თითქმის 60%-ია.
კომპანია LADOGA-მ, რომელიც რუსეთის ალკოჰოლური სასმელის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია, ქართული ღვინოების იმპორტი 29%-ით გაზარდა. კომპანიის განვითარების დირექტორი დმიტრი ისაჩენკოვი „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 2022 წლის ბოლოს „თელიანის“ პროდუქციის შეტანაც დაიწყეს, რომელიც რუსეთში რამდენიმე წელი არ იყო წარმოდგენილი. კიდევ ერთი კომპანიის Luding Group-ის წარმომადგენელი ანდრეი უშაკოვი აღნიშნავს, რომ შეინიშნება იმპორტის მკვეთრი ზრდა ცქრიალა ღვინოების კატეგორიაში, მათ შორის, ბრენდ „ასკანელის“ განვითარების ხარჯზე.
რუსეთში მოელიან, რომ საქართველო ღვინოების ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს გაიმყარებს.
საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს იანვარ-მარტში ექსპორტირებული ალკოჰოლური სასმელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნიდან სულ დაახლოებით 56 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, აქედან 38 მილიონის - რუსეთში.
