საქართველო შესაძლოა კანდიდატის სტატუსამდე პოზიციებს დაუბრუნდეს - ევროპარლამენტარები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპარლამენტის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ მცდელობას, მიიღოს ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კანონი „უცხოელი აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის პრაქტიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ და არა რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისა, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას, რეპრესიასა და საბოლოოდ დაშლას.

ევროკავშირი წელიწადში, საშუალოდ, 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულლების ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებისათვის, მათ შორის, ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და ხარისხიანი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაზე. კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს დაარქმევს სახელებს „უცხოელი აგენტები“ და „სახელმწიფოს მტრები“, თუ ისინი ისევე მიიღებენ ევროკავშირის მსგავს დაფინანსებას, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს იმავე საქმიანობისთვის.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესიული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას, შესაძლოა, მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდებოდა, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი კი ამ რეკომენდაციათაგან მინიმუმ ორს არღვევს: მეცხრე რეკომენდაცია მოიცავს რეკომენდაციას, საქართველომ უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება, ხოლო პირველი - მოუწოდებს მას, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

განცხადებას ხელს აწერენ პეტრას აუსტრევიჩიუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიკსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კალსბრო, ფრანსუა ტიოლე, კატალინ ჩე, ანა იულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რაინარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, ჯოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეს ამორი, იზაბელ სანტოში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.