რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ სოხუმ-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზაციის წინაპირობები გაჩნდება მას შემდეგ, რაც საქართველო მიიღებს „არსებულ რეალობას“ და მზად იქნება დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობები „თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, ურთიერთპატივისცემითა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით ააშენოს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
გალუზინმა კომენტარი გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გეგმებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ეს ქართული ოცნება ახდეს.
„ვფიქრობ, ამაზე თავისთავად მეტყველებს რეაქციები, რაც ამ განცხადებებს სოხუმსა და ცხინვალში მოჰყვა. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავიანთი სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ამ რესპუბლიკებიდან ერთ-ერთის საქართველოს შემადგენლობაში ძალით დაბრუნება სცადა და მეორეს მსგავსი ქმედებებით ემუქრებოდა.
როგორც გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“.
პირველ რიგში, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და სამხრეთ ოსებმა არაერთხელ გამოთქვეს უარყოფითი დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვისა“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ, აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება“, - განაცხადა გალუზინმა.
რუსი დიპლომატის თქმით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერას, „ერთის მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ასევე მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას“. გალუზინმა აღნიშნა, რომ ყველა ეს საკითხი ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება.
„ეს ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ თანაბარი დიალოგი და ვიპოვოთ საერთო ენა თბილისის, სოხუმის და ცხინვალის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო შუამავლობით. მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სამუშაოების გააქტიურების. მე ვიცი, რომ აფხაზები და სამხრეთ ოსები ამისთვის მზად არიან“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს „აღთქმულ მიწამდე“. „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - თქვა კობახიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, აფხაზეთს კი თავისი ამოცანები აქვს - „ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“. შამბას თქმით, აფხაზეთი საქართველოსთან კონფედერაციის ან სხვა რაიმე ურთიერთობის საკითხების განხილვას არ აპირებს. ირაკლი კობახიძეს ოკუპირებულ ცხინვალშიც გამოეხმაურნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „კატეგორიულად მიუღებლად“ მიაჩნიათ „ნებისმიერი საუბარი საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.