რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოში უკვე განიხილავენ დიალოგის აუცილებლობას საკითხზე, თუ სად უნდა გაიაროს „სასაზღვრო ხაზმა“. სააგენტო „რესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მისივე თქმით, „საზღვარზე“ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაო ერთობლივად უნდა ჩატარდეს. კოჩიევს მიაჩნია, რომ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სასაზღვრო ხაზი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების კუთხით სრულად გააზრებული არ იყო.
„სადღაც არის ეკლესიები, სასაფლაოები და სხვა ობიექტები, რომელთა ერთმანეთთან გაცვლაც ალბათ შესაძლებელი იქნებოდა, რამდენადაც ერთ-ერთ მხარეს მოცემული უბნის მიმართ მაღალი ინტერესი აქვს.
ქართული მხარე დელიმიტაციის განხილვისთვის ჯერ მზად არ არის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქამდე მივალთ“ - ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, 95-ე რაუნდზე, რომელიც 5-6 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეებმა „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრებზე“ სიტუაცია სტაბილურად შეაფასეს.
„უკვე დიდი ხანია, მთლიანობაში სიტუაციას ვაფასებთ, როგორც უსაფრთხოს. მაგრამ ამავე დროს, პერიოდულად საქართველოს მხრიდან საზღვრის დარღვევას ვაქცევთ ყურადღებას, რომელსაც ზოგჯერ სიტუაციის გამწვავებამდე მივყავართ. აქ გადაწყვეტა მარტივია - ერთობლივი კომისიების მიერ საზღვრის დელიმიტაციასა და შემდგომ დემარკაციაზე შეთანხმება“, - განაცხადა კოჩიევმა.
„საქართველო-აფხაზეთისა და საქართველოს-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყების აუცილებლობაზე ჟენევის დისკუსიების 59-ე რაუნდზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციამაც ისაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ნახსენები არ ყოფილა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტის“ მონაცემების მიხედვით გაავლოს.
აღნიშნული გეგმის თანახმად, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიღმა დამატებით კიდევ 200 კვადრატული კილომეტრი უნდა მოექცეს.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ კირბალთან 58 წლის თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფელში მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი ოთხი დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. 7 ნოემბერს, ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს აჭედილი ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა.
კირბალში მდებარე ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით არის მოქცეული. აგვისტოში ოკუპანტებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს, რომ მომლოცველები ვეღარ შესულიყვნენ. მოკლული თამაზ გინტური რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე და წოდებით მაიორი იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ის ამიტომაც მოკლეს.
კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ნოემბერს გაათავისუფლა. დოთიაშვილმა გაიხსენა, რომ ლომისის ეკლესიასთან რუს ჯარისკაცს კონფლიქტის გარეშე დაშორდნენ, თუმცა მოულოდნელად, ის მასსა და თამაზ გინტურს დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა.