საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ქუჩაში უკანონოდ დააკავეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მის პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვების მიზნით, ტელელეფონი წაართვეს. შემთხვევა 15 ივლისს, თბილისში, თემქაზე მოხდა. თორნიკე ობოლაშვილის თქმით, ის პოლიციის განყოფილებაში 4 საათზე მეტი გააჩერეს და ამ ხნის განმავლობაში ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს. ობოლაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა ტელეფონიდან წაუშალეს რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც უკანონო დაკავებამდე მოასწრო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„საღამოს 6-ის ნახევრისკენ, გამოვედი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან და მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ, რათა შევხვედროდი მეგობარს. გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“. როდესაც მივტრიალდი დავინახე, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი დაახლოებით 40 წლის მამაკაცი მთხოვდა მათთან მისვლას. ვკითხე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რაზეც მიპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და სურდათ ჩემი იდენტიფიცირება. ვინაიდან, გარეგნულად არაფერზე ეტყობოდათ, რომ პოლიციელები იყვნენ, მოვთხოვე ჯერ თავად წარმოედგინათ შესაბამისი საბუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა. დავრწმუნდი რა, რომ ნამდვილად პოლიციიდან იყვნენ, ჩემი ჩანთიდან ამოვიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამომართვა ერთ-ერთმა მათგანმა“, - წერს Facebook-ზე თორნიკე ობოლაშვილი. მისი თქმით, პოლიციელმა უთხრა, რომ ზედაპირულად უნდა შეემოწმებინა, რასაც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დათანხმდა. მოქალაქის თქმით, ზედაპირული შემოწმების შემდეგ, პოლიციელმა ჩანთის გახსნა მოსთოხვა.
„უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ, მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა, რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი.
აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით. ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა“, - ამბობს ობოლაშვილი.
მოქალაქემ უკანონო ქმედებების მობილურით გადაღება სცადა, თუმცა, როგორც ის ამბობს, პოლიციელები მივარდნენ და ტელეფონი წაართვეს, მას კი ხელები გადაუგრიხეს და მანქანისკენ წაიყვანეს.
„სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა. მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე.
პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე, რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ. ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე.
მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი, ეს უნდა მცოდნოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“. რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში). ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს“.
თორნიკე ობოლაშვილი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ტელეფონი დაუბრუნა და უთხრა, რომ ადვოკატთან დარეკვის უფლება ჰქონდა, თუმცა როგორც კი ტელეფონს ბლოკი მოხსნა, უკნიდან მიპარულმა მეორე პოლიციელმა ტელეფონი წაართვა და გაიქცა.
„აშკარა იყო, რომ სურდათ ჩემს ტელეფონში არსებული პირადი ინფორმაციის ნახვა იმ იმედით, რომ იქნებ რამე უკანონოსაც გადაყროდნენ“, - ამბობს თორნიკე ობოლაშივილი.
მას სავარაუდოდ თემქის პოლიციის განყოფილების უფროსიც ესაუბრა, რომელიც მისი სამუშაო ადგილით დაინტერესდა. თორნიკე ობოლაშვილის თქმით, მოგვიანებით პოლიციელებმა მისი ჩანთის გაჩხრეკა გადაწყვიტეს, თუმცა უკანონო ნივთი ვერ იპოვეს.
„სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას, ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა“.
პოლიციელებმა თორნიკე ობოლაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მას სავარაუდოდ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„ჩამოვიდა ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო: ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა; ბ) რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის. არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული. ასევე, ოქმში რაც გავარჩიე მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა... ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ. საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული“, - ამბობს თორნიკე ობოლაშვილი.
ობოლაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის ფუნქცია პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა.
17 ივლისს კიდევ ერთმა მოქალაქემ, ცხოველთა უფლებების დამცველმა ლუკა კინწურაშვილმა განაცხადა, რომ 9 ივლისს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ კი გადაიყვანეს ე.წ. კაპეზეზე, რომელიც 11 ივლისს დატოვა.