ვაპირებთ განვიხილოთ, რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მთავრობის რეპრესიებს - კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დღეს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით ორ საკითხს განიხილავენ - სანციებს და უვიზო რეჟიმის შეზღუდვას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სხდომის დაწყებამდე კალასმა მედიასთან თქვა, რომ საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით - იქ, „სადაც კანიდატი ქვეყანა უნდა იყოს“.  

„ასე რომ, ვაპირებთ განვიხილოთ, რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მთავრობის მიერ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების და ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელსაც იყენებს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპულ მხარეს - ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე მხრივ, ასევე, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, - განაცხადა კაია კალასმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დისკუსია უკვე გაიმართა და დასასანქცირებელ პირთა სიაც არსებობს, თუმცა, საჭიროა 27 დემოკრატიული ქვეყანა შეთანხმდეს.

„ჩვენ ვმსჯელობთ ამ სიაზე, მაგრამ საჭიროა, რომ ყველა თანახმა იყოს და ჩვენ ჯერ იქამდე არ მივსულვართ. ასე რომ, ვნახოთ, მივალთ თუ არა“, - განაცხადა კაია კალასმა, რომელიც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. მისი ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა დღეს პირველად გაიმართება.

უნგრეთი აპირებს, ვეტო დაადოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებულ ნებისმიერ სანქციას.

2 დეკემბერს ესტონეთმა და ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს კიდევ 9 მაღალჩინოსანს. 15 დეკემბერს ქვეყნებმა სანქცირებულთა სია გააფართოვეს - ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს კიდევ 14 მაღალჩინოსანს აეკრძალა, ხოლო ლიეტუვაში - 17-ს. მათ შორის არის ირაკლი კობახიძეც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.