თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ოთხი დღის განმავლობაში 220-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სამს ბრალად სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ედება. მათგან ერთ-ერთი 17 წლისაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, 2007 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ხოლო 2003 წელს დაბადებულმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მესამე ბრალდებული - 1997 წელს დაბადებული ა.მ. წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. მას 29 ნოემბერს, პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებისა და კვების ბლოკისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.
ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას 3-დან 6 წლამდე, ხოლო პოლიციელზე თავდასხმა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის/დაუმორჩილებლობის საფუძვლით სულ 224 პირი დააკავა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა, 34 პირის მიმართ - ადმინისტრაციული პატიმრობა, 4 პირის მიმართ კი - შენიშვნა.
