საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორიატორიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) რამდენიმე პროექტის დაფინანსებას აჩერებს. სარჯველაძის თქმით, „შეიძლება იყოს ლაპარაკი მაქსიმუმ, ვთქვათ, 2 მილიონი ლარის ირგვლივ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ბევრი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ, თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით, თითქოსდა, ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის შეჩერების, თითქოსდა, მთლიანად დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას.
რეალურად, საუბრია რამდენიმე მიმიდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და შესაბამისად, სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელვოვანი.
როცა ვლაპარაკობთ ლუგარის ლაბორატორიაზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, 95 მილიონზე და ასეთ ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი არ არის. საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ, ვთქვათ, 2 მილიონი ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება ყველაფერ ამას, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს“, - განაცხადა სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მისი უწყება უახლოეს დღეებში შეაფასებს მიმდინარე პროექტებს და ყველა ის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, ჩვეულად გაგრძელდება.
„მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი გარკვეული ინიციატივები, რომელთა განხცორციელებაც ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება ყველა ურთიერთობა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეკითხვას, ხედავს თუ არა რაიმე კავშირს რუსული კანონის მიღებასა და აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტას შორის, სარჯველაძე უპასუხა, რომ ასეთი კავშირი ობიექტურად არ არსებობს.
„მე ვფიქრობ, რომ როგორც არც იმ კანონს გააჩნდა დემოკრატიულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა, ანალოგიურად ახლაც ასეთი კავშირი არ არსებობს ამ მიღებულ გადაწყვეტილებასა და იმ საკანონმდებლო აქტს შორის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. 31 ივლისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. ამის მიზეზი მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებებია“, რომლებიც, ბლინკენის თქმით, არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 95 მილიონი დოლარის ნაწილს ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ მიიღებენ, თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.