თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პოლიციელზე თავდასხმის, კერძოდ, სახეში იდაყვის ჩარტყმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლითაც წარუდგინეს.
„მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, აბრტყელებდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მე თავი ჩავთვალე ვალდებულად, დამეცვა სუსტები და ხელს ვკრავდი. ალექსანდრესგან [დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი] იყო ძალიან დიდი არაპროპორციული ძალის გამოყენება. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემომყოფებს ვიცავდი. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ეს ნარკოტიკები ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში მაჩუქეს ორი წლის წინ და რადგან არ ვარ მომხმარებელი, სახლში მქონდა, დამავიწყდა“, - განაცხადა ოკმელაშვილმა სასამართლო პროცესზე.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 20 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის თქმით, პროკურატურის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილია და არ აფიქსირებს ნიღბიანი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტებას.
საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ ბრალდებული იდაყვის ჩარტყმის დროს მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. „ფაქტობრივად, ის იყო ერთადერთი პირი, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე“, - აღნიშნა პროკურორმა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 4 ივლისისთვის ჩაინიშნა.
გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა მის სამუშაო ადგილსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოკმელაშვილს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ერთი თვეა, რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისში, მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. სპეცრაზმმა და პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეები არაერთხელ დაარბია. ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციების ორასამდე მონაწილე. პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდება 9 პირს წარუდგინა.
აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასტიკად ცემეს მომიტინგე დეპუტატები - ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა და სხვები. უცნობი პირები, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების არაერთ მონაწილეს და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. პროკურატურას ძალადობის არცერთი ფაქტი არ აქვს გამოძიებული და არავინ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.