თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი საბა ოდიშარია აირჩიეს. კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრებმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
დღესვე აირჩიეს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოადგილე და სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარეები. ყველა პოლიტიკური თანამდებობა „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიკავეს.
„მიგვაჩნია, რომ ეს საკრებულო არალეგიტიმურია, რადგან ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეიკრიბა. კანონის შესაბამისად, უნდა დაშლილიყო და არა შუალედური, არამედ რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო. ვინაიდან ასე არ მოხდა და სასამართლომ ლეგიტიმაცია მიანიჭა, ვაპირებთ „ქართული ოცნება“ მარტო არ დავტოვოთ და ბოლომდე დავიცვათ სენაკის მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესები.
რაც შეეხება კრიზისს, საკრებულოში კრიზისი თავად „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა იმით, რომ მისი წევრები სხდომებზე არ ცხადდებოდნენ. მათთვის კრიზისი იყო ის, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა და თანამდებობების დაკავებას ვეღარ ახერხებდნენ. ამის შესაცვლელად „ქართული ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი თანაგუნდელი, რომელიც 12 წელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, მოისყიდეს, რის შემდეგაც საკრებულო დატოვა. ეს არის მოძალადე პარტია, რადგან უმრავლესობა ძალადობით მოიპოვა“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა კუჭავამ.
ოთხი კვირის წინ, შუალედური არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნებამ“ საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა და წევრების რაოდენობა 17-მდე გაზარდა. ოდიშარიას მხარი საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა დაუჭირა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე თვითმმართველობის ორგანოდან, სადაც 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 33 მანდატიდან 13 „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 4 – პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“, ხოლო 16 – „ქართულმა ოცნებამ“. 3 დეკემბერს, საკრებულოს პირველივე სხდომაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან პროპორციული სიით არჩეულმა წევრმა, ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, რის შედეგადაც ოპოზიციის წევრთა რიცხვი 16-მდე შემცირდა. „ქართული ოცნება“ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებდა და შესაბამისად, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა, რადგან სხდომის ჩატარებას 17 დეპუტატის რეგისტრაცია სჭირდება.
3 დეკემბრის შემდეგ სხდომის ჩატარების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. 9 თებერვალს, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სენაკის საკრებულოს დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ ცნეს ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია - გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კაჭარავა. საკრებულოს წევრებს სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), თუმცა მათი განმარტებით, გააგრძელეს 2021 წლის 3 დეკემბრის სხდომა და უფლებამოსილება ჰქონდათ, გადაწყვეტილება მიეღოთ.
„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებების მოქმედება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.
2022 წლის მაისში, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის გარდამავალი რეგულირებით, ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში სხდომის გახსნასთან დაკავშირებული კვორუმის პრობლემა იხსნებოდა იმით, რომ საკრებულოს წევრებად ავტომატურად ჩაითვლებოდნენ საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტით ასეთად ცნობილი პირები. სენაკის საკრებულომ მაინც ვერ შეძლო შეკრება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე დღეში საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმიამ მანდატი დატოვა, რის შემდეგაც სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ისევ აღარ ჰქონდა უფლებამოსილება სხდომა გაემართათ. პარლამენტის წევრის ანი წითლიძის ინფორმაციით, ვახტანგ წურწუმიას კანონიერი ქურდი მიუგზავნეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები 12 აგვისტოს განკარგულებით დანიშნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეს განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრა. საია მიიჩნევს, რომ სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, რადგან 6 თვის განმავლობაში შეკრება ვერ მოახერხა, მთავრობა კი ვალდებული იყო ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა შემოეღო, რის შემდეგაც სენაკში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაენიშნათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
2022 წლის 2 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად, თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ყურაშვილი გახდა. ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობდა.