ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტების მშენებლობას და განაცხადა, რომ პროექტში ჩარევის მცდელობა და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მე სრულად ვუჭერ მხარს ამ პროექტს, რადგან ვხედავ მასში სერიოზული ნახტომის რეალურ შესაძლებლობას. თავად ამ ბიზნესის თანმხლები მშენებლობა არის ლოკომოტივი, რომელიც გასწევს ეკონომიკას და ბევრ სხვა რამეს“, - განაცხადა შამბამ დღეს, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
შამბას თქმით, პროექტს განიხილავენ, როგორც საპილოტეს, რათა ნახონ, „როგორ შეეგუება და რა რეაქცია ექნება მასზე საზოგადოებას, რომელსაც დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი აქტიურად აქეზებს“.
„ამ პროექტისთვის არჩეული რეგიონები, როგორიცაა ოჩამჩირე და გალი, ძალიან მიმზიდველია. მე კარგად ვიცნობ ამ ადგილებს: მდინარეების ღალიძგასა და ოქუმის მიღმა არის უნიკალური დიუნის პლაჟები, რომლებიც არ არის არც გაგრაში და არც ბიჭვინთაში. ჩვენ უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ ისინი ინვესტორებს. ჩვენი პრობლემა არის ინვესტიციების მოზიდვის უუნარობა. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მესმის, რომ ისინი არ გვჭირდება, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არცერთ ქვეყანას, თუნდაც ძლიერი ეკონომიკის მქონეს, არ შეუძლია ინვესტიციების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვა.
ამ პროექტში ჩარევის მცდელობა და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვევს შეუქცევად შედეგებს ჩვენს ისტორიასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას სწორად გაიგებს.
ვინც ამას ეწინააღმდეგებიან, ხშირად უბრალოდ ვერ ხვდებიან პროექტის არსს და აგიტაციას ჰყვებიან... უსაფუძვლოა შიში, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოქალაქეობის მიღება ამ აპარტ-ოტელების მეშვეობით. კანონპროექტი ნათლად ადგენს, რომ ბინის მყიდველებს არ შეუძლიათ მოქალაქეობის მიღება. აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა შამბამ.
გასულ კვირაში, ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა საპროტესტო აქციის ფონზე, მხარი დაუჭირა „ოჩამჩირის, ტყვაჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც აღნიშნულ რაიონებში აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას ითვალისწინებს. კანონპროექტს პირველი მოსმენით, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიიღებენ.
კომიტეტის ხელმძღვანელის, რეზო ზანთარიას განცხადებით, საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას გულისხმობს. გათვალისწინებულია სულ10 ათასი ოთახი. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ ბინები არ იქნება განკუთვნილი მუდმივად ცხოვრებისთვის.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც, რომელმაც თქვა, რომ, აფხაზეთში 140 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეა, მათგან 42 ათასი ოფიციალურად არის დასაქმებული, 30 ათასი თვითდასაქმებულია, 65 ათასი კი უმუშევარი. ბჟანიას განცხადებით, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ეკონომიკის განვითარება.
კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთს ეკონომიკურად „აბსოლუტურად არაფერს“ მისცემს და ის „მიწის ფარული გაყიდვას“ ისახავს მიზნად.
დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. რამდენიმე თვით ადრე რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ. რუს ინვესტორს აეროპორტი 49 წლის ვადით გადაეცა.