პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან აქციაზე 14 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის მისი თანაპარტიელები - იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძეც არიან.
„სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“, - განაცხადეს შსს-ში.
15 აპრილს, თბილიში, რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე მობილიზებული ჰყავდა დიდი რაოდენობით პოლიციელები, სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეებს სურდათ პარლამენტის შენობისთვის მსვლელობით წრე შემოერტყათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პროტესტის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ კანონპროექტს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკანონმდებლო ორგანო სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.
