ჩინურ ბანდას ტაილანდელი ქალები საქართველოში „კვერცხუჯრედების ფერმაში“ ჰყავს გამოკეტილი - ამის შესახებ ინფორმაცია ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ქალთა და ბავშვთა ადგილობრივმა ფონდმა, Pavena Foundation-მა დახმარებისთვის მთავრობას მიმართა. საქართველოში გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
გამოცემა The Nation-ის ინფორმაციით, ფონდის პრეზიდენტმა პავენა ჰონგსაკულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქალებს საქართველოში მათი ნების საწინააღმდეგოდ ამყოფებენ, მათ კვერცხუჯრედებს კი ჩინური ბანდა ყიდის. მსხვერპლებს თავდაპირველად ლეგალურ სუროგატ დედობას დაჰპირდნენ, მაგრამ შემდეგ თავისუფლება აღუკვეთეს და კვერცხუჯრედის გაცემას აიძულებენ. მათ, ვინც კვერცხუჯრედის დათმობაზე უარს ამბობს, გათავისუფლების სანაცვლოდ 70,000 ტაილანდური ბატის, ანუ დაახლოებით 6000 ლარის გადახდას სთხოვენ.
ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალების მდგომარეობის შესახებ ერთ-ერთი ქალისგან შეიტყო. ნამ [ასე მოიხსენიებს მას The Nation] გასული წლის 9 სექტემბერს მოახერხა ტაილანდში დაბრუნება მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა ბანდის ლიდერის საბანკო ანგარიშზე თანხა გადარიცხა. მან ფონდს 27 სექტემბერს მიმართა.
ნას მონაყოლის მიხედვით, საქართველოში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ Facebook-ზე წააწყდა - ქალებს ანაზღაურების სახით 400,000-დან 600,000 ბატს (დაახლოებით 33 000 ლარიდან 50 000 ლარამდე) სთავაზობდნენ. გვერდის ადმინისტრატორმა მას აუხსნა, რომ სამუშაო გულისხმობდა საქართველოში ლეგალურ სუროგატობას და რომ შუამავალი დაფარავდა ყველა ხარჯს, მათ შორის პასპორტისა და მგზავრობის ხარჯებს.
პასპორტის მიღების შემდეგ ნა, 10 სხვა ქალთან და ჯგუფის ლიდერთან ერთად, საქართველოსკენ გამოემგზავრა. ჯგუფის ლიდერმა 11-ვეს 500-500 დოლარი მისცა, რათა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები დაერწმუნებინათ, რომ ტურისტები იყვნენ. ჯგუფი დუბაიში გადაჯდომით ჯერ სომხეთში ჩავიდა, სადაც სასტუმროში სამი დღე გაჩერდნენ. ქალის მონაყოლის მიხედვით, ისინი სხვადასხვა ტურისტულ ადგილას წაიყვანეს ფოტოების გადასაღებად, რაც თაღლითური გეგმის ნაწილი იყო. მეოთხე დღეს ისინი საქართველოში შემოვიდნენ და სასტუმროში გაათიეს ღამე, რის შემდეგაც ჯგუფის ლიდერმა მათ პასპორტები ჩამოართვა. იმავე დღეს ქალები ოთხი სახლისგან შემდგარ კომპლექსში წაიყვანეს. ნა პირველ სახლში განათავსეს, სადაც დაახლოებით 60 ტაილანდელი ქალი იმყოფებოდა. ბევრი მათგანი ჯანმრთელად არ გამოიყურებოდა და ამბობდნენ, რომ სახლში დაბრუნება სურდათ.
მეორე დღეს ნა მეორე სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შეფასებით, დაახლოებით 10 სხვა ტაილანდელი ქალი იყო გამოკეტილი. მისი აზრით, ოთხივე სახლში დაახლოებით 100 ქალს ამყოფებენ. ის იხსენებს, რომ შენობაში ხშირად დადიოდნენ ჩინელი მამაკაცები.
ნამ სხვა ქალებისგან შეიტყო, რომ სუროგაციის სამუშაოს დაპირების მიუხედავად, მათთან ხელშეკრულების გასაფორმებლად არც ერთი მშობელი არ მისულა. ამის ნაცვლად, ქალებს აიძულებდნენ ყოველთვიურად კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურა გაევლოთ, კვერცხუჯრედებს კი ბანდა ყიდდა.
The Nation წერს, რომ კვერცხუჯრედის იძულებითი ამოღების პროცედურა გულისხმობს ჰორმონალურ სტიმულაციას და ინვაზიურ სამედიცინო პროცედურას, რაც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალების უმეტესობას გამოსასყიდი თანხის გადახდა არ შეუძლია და იძულებულნი არიან, კლინიკაში ყოველთვიურად გაირონ კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურები.
ქალთა ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ის საგარეო საქმეთა პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდა და ინტერპოლთან კოორდინაციით, 30 იანვარს ტაილანდში კიდევ სამი ქალი დაბრუნდა.
ფონდი ტაილანდის მთავრობას მოუწოდებს, ჩინურ ბანდასთან საბრძოლველად დახმარებისთვის ჩინეთს მიმართოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, კრიმინალურ პოლიციაში გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი) მიმდინარეობს.
დღეს, 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში შსს წერს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა.
„გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, - წერია განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ასევე გამოკითხა უცხო ქვეყნის [არ არის დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნის - რედ.] 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.
„სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
საქართველოში სუროგაცია აკრძალული არ არის. 2023 წელს „ქართულმა ოცნების“ მთავრობამ დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული წესების გამკაცრებას ითვალისწინებდა. კერძოდ, უნდა აკრძალულიყო „კომერციული სუროგაცია“. ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში განუხილველი დარჩა.