სომხეთის ხელისუფლებამ პირველად განაცხადა, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირე -რუსეთი აიძულებს, საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანს კორიდორი მისცეს და ასევე, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანდეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 26 დეკემბერს, საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმა, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვა, სომხეთზე ზეწოლის კონტექსტში ჯდება. გრიგორიანის თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისი, რაც ბოლო დროს მკაფიოდ გამოჩნდა.
„სომხეთი აგრძელებს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სხვათა შორის, მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ 13 სექტემბრის ესკალაციაც ამას უკავშირდება და ძირითადად, ეს არის მთელი კრიზისის საფუძველი ან მოტივი“, - განაცხადა გრიგორიანმა.
გადაცემის წამყვანის კითხვას, ეს ყველაფერი კეთდება თუ არა კორიდორისთვის, უშიშროების საბჭოს მდივანმა ასე უპასუხა: „მათ შორის. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, სომხეთის ტერიტორიის გავლით ექსტრატერიტორიული კორიდორისთვის. ბუნებრივია, ამის გამოა მთელი ზეწოლა“.
გარდა ამისა, არმენ გრიგორიანმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებას აიძულებს.
„ბუნებრივია, აქედან ზეწოლა სომხეთზეც მოდის და ყოველთვის, როცა სომხური დემოკრატია და დემოკრატიული სისტემა მას წინააღმდეგობას უწევს, სხვა ტიპის ზეწოლას იღებს - სამხედრო ძალის სახით“, - განაცხადა არმენ გრიგორიანმა და ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა, ასეთად რჩება და სუვერენიტეტის დაცვა სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების მისიას წარმოადგენს.
სომეხი მაღალჩინოსნის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი გამოეხმაურა. დმიტრი პესკოვის თქმით, რაც არმენ გრიგორიანმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება და მისი განცხადება „შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს“.
ლაჩინის კოროდორი 16 დღეა ბლოკირებულია. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 12 დეკემბერს, დილით, აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა სტეფანაკერტი-გორისის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რამაც მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები სომხეთთან სატრანსპორტო კავშირის გარეშე დატოვა. აზერბაიჯანელი აქტივისტები რუსი სამშვიდობოებისგან ითხოვენ, ოქროსა და სპილენძის მოპოვების ადგილებზე მონიტორინგის მიზნით შეუშვან. 14 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გზატკეცილზე სამოქალაქო მანქანების გადაადგილებას ხელს არა აქტივისტები, არამედ რუსი სამშვიდობოები უშლიან. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ბლოკადა უარყო. 24 დეკემბერს აქცია გამართეს სტეფანაკერტის მცხოვრებლებმა და რუსი სამშვიდობოებისგან მოძრაობის განბლოკვა მოითხოვეს.
დღეს, 27 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში, დსთ-ის ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ უმთავრესი და ყველაზე აქტუალური საკითხი ლაჩინის კორიდორში შექმნილი კრიზისია.
„ირკვევა, რომ ლაჩინის კორიდორს რუსი სამშვიდობოები არ აკონტროლებენ. მინდა განვიხილო ეს სიტუაცია და შესაძლო ვარიანტები“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
2020 წლის 9 ნოემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელმაც მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომი დაასრულა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ლაჩინის კორიდორის გასწვრივ სულ მცირე ხუთი წლის ვადით განლაგდა. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა კორიდორით, ორივე მიმართულებით, მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის გადაადგილების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.