სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი დამტკიცება „არ ნიშნავს სომხეთის გაწევრიანებას ევროკავშირში ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“ და ამ საკითხზე გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს, 9 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.
„სამოქალაქო ინიციატივის სახით პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ და ახლა მთავრობამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩვენ გთავაზობთ დადებითი პოზიციის გამოხატვას“, - განაცხადა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები ჰქონდათ, რაც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთში დემოკრატიას, ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს მას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში.
„ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება.
თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ევროპარლამენტში განაცხადეთ, რომ სომხეთი მზადაა იყოს ევროკავშირთან იმდენად ახლოდ, რამდენადაც ევროკავშირი ჩათვლის ამას შესაძლებლად. ჩვენ ვნახეთ ნიშნები, რომ ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირის მხრიდან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გთავაზობთ დადებითი პასუხის გაცემას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი ჩატარდება და გაწევრიანებას მხარს რეფერენდუმის მონაწილეთა ის რაოდენობა დაუჭერს, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი.
„მთავრობა ამ კანონის მიღების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ამ პუნქტის მიღწევა ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება მოხდეს კანონის დონეზე ან თუნდაც იყოს მთავრობის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, სხვა ვარიანტი არ არსებობს.
მიმაჩნია, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირთან უნდა განვიხილოთ ის საგზაო რუკა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ერთად უნდა შევიმუშაოთ საგზაო რუკა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის იდეა „დემოკრატიული ძალების“ პლატფორმას ეკუთვნის, რომელშიც შედიან პარტია „რესპუბლიკის სახელით“, „სომხეთის ევროპული პარტია“, პარტია „რესპუბლიკა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოქალაქე“. მათ კანონპროექტის მხარდასაჭერად 60 000 ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვეს.
