ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის. როგორც უწყება აცხადებს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, კომიტეტმა ხელახალი გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა. ჯგუფში გაერთიანებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე, მათი არაეფექტიანი გამოძიების საქმეები, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, 11 თვეა უშედეგოდ ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებას და ამ გზით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. 20 მარტს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მათ მოთხოვნებს იზიარებს:
„მინისტრთა კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა „ცინცაბაძის საქმეთა“ ჯგუფში გაერთიანებულ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გაჭიანურებული გამოძიების გამო და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებისკენ, მათი სწრაფად და ამომწურავად დასრულებისთვის. ასევე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, წარუდგინოს კომიტეტს აღნიშნული საქმეების გამოძიების პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ გაერთიანებული ინფორმაცია.
კერძოდ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დღეს, 21 მარტს, განაცხადა, რომ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლიან.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტს, სადაც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციით მაჩალიკაშვილი და სხვების საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები „მაჩალიკაშვილის და სხვების“ და „ოჩიგავას“ სარჩელებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი. შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, „ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ ცნო არსებითი დარღვევა და პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნით მიმართა, რაც უწყებამ არ დააკმაყოფილა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდა და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.
2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომლებიც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების დროს არსებობდა.