სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს იოსებ გოგაშვილს სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლებით, დამატებით, ახალი ბრალდება წარედგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პროკურატურის განცხადებით, პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი სხვა პირს გადასცა, რითიც სახელმწიფო საიდუმლოება განზრახ გაახმაურა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გოგაშვილს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.
ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმე პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს. მისი თქმით, გოგაშვილი ბრალდებებს უარყოფს.
„2022 წლის 16 ივლისს, როდესაც იოსებ გოგაშვილი დააკავეს, მის სახლში შეიტანეს და ჩადეს როგორც იარაღი, ისე ინფორმაციის მატარებლები - ნოუთბუქი, ე.წ. ფლეშკები და მყარი დისკები. ის ვარაუდობდა კიდეც, რომ მასზე დაყრდნობით ბრალს წარუდგენდნენ “, - ამბობს ჩინჩალაძე.
იოსებ გოგაშვილს ბრალი ხუთი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშობდა, სუს-ის თანამშრომლებმა 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნისას, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, გოგაშვილს ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა. პროკურატურის მტკიცებით, ინფორმაციის ნაწილი - პერსონალური მონაცემები გოგაშვილის მონაწილეობით საჯარო სივრცეში გავრცელდა, „რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. გარდა ამისა, პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს იმაშიც, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ორ დაურეგისტრირებელ, ასევე ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ სამ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. გოგაშვილის საქმის მასალებს გრიფი საიდუმლო ადევს.
დაპატიმრების შემდეგ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სხვა პირები, მისივე განცხადებით, არაერთ მძიმე დანაშაულში ამხილა - თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებაში, არჩევნების გაყალბებაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, მოსამართლეებზე ზეწოლაში, მასობრივ უკანონო მიყურადებაში და ა.შ. შს მინისტრმა ყველა ბრალდება უარყო.