თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე საერთაშორისო სტანდარტებზე მაღალია და რეგიონის სხვა დედაქალაქებში არსებულ მაჩვენებელებს აღემატება. მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, მყარი ნაწილაკების - PM2.5-ის საშუალო თვიური კონცენტრაცია - 20 მკგ/მ3, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულზე ოთხჯერ მეტია. ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ტრანსპორტია. იმ ადგილებში, სადაც სატრანსპორტო გადატვირთულობა აღინიშნება, ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად იზრდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
2017-2021 წლებში, ჰაერის დაბინძურების დონის მხრივ თბილისში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, ვიდრე სტამბოლში (თურქეთი), ბაქოსა (აზებრაიჯანი) და კიევში (უკრაინა). საქართველოს დედაქალაქზე უარესი ვითარება ერევანშია.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ თბილისის მცხოვრებლებისთვის ეს პრობლემა ცნობილი და პრიორიტეტულია. 2017 წლის კვლევაში, თბილისის მცხოვრებლების 42%-მა ჰაერის დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხად დაასახელა, ხოლო 2021 წელს გამოკითხულთა 11% ჰაერის დაბინძურებას დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევდა.
„ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად აისახება კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტზე - სიკვდილიანობიდან ავადობამდე, პროდუქტიულობამდე და უძრავი ქონების ღირებულებამდე. ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში 6.7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე საკვების ნაკლებობით, შიდსით, ტუბერკულოზით და მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჰაერის დაბინძურება აზიანებს კეთილდღეობის სხვა ფაქტორებსაც და იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას, კოგნიტური უნარების დაქვეითებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას და საცხოვრებლების ფასების ვარდნას“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის კვლევაში.
კვლევის ფარგლებში, ჰაერის დაბინძურების მონაცემები თბილისის მასშტაბით განთავსებული 40 გარე მონიტორიდან შეგროვდა. გარდა ამისა, გაანალიზდა სატელიტური სურათები. ასევე, გამოიკვლიეს ჰაერის დაბინძურების შიდა წყაროები და მათი გავლენა შემთხვევით შერჩეულ ოჯახებში 145 მონიტორის განაწილების გზით. კვლევის მთავარი მიგნებები ასეთია:
- ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონცენტრაცია უფრო მაღალია ქალაქის ცენტრში - თბილისის უნიკალური გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ამინდი, საცობები გზებზე და სამრეწველო ემისიები, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დაბინძურების დონეში;
- თბილისში ჰაერის დაბინძურება ზრდის რესპირატორული და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებების ალბათობას. PM2.5 კონცენტრაციის 1 მკგ/მ3 -ით ზრდა იწვევს რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის 2.2%-ით და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის 4.4%-ით მატებას.
- ჰაერის დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს საცხოვრებლის ღირებულებაზე. PM2.5-ის ყოველი 1 მკგ/მ3-ით ზრდა დაკავშირებულია ქირის 1%-მდე შემცირებასთან. საცხოვრებლის არჩევისას სუფთა ჰაერი გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევა.
- ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების კუთხით სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა არსებობს. ღარიბი და ნაკლებად განათლებული შინამეურნეობები განიცდიან დაბინძურების მაღალ დონეს და აქვთ დაბალი ადაპტაციის უნარი. უფრო მდიდარი და განათლებული შინამეურნეობები განიცდიან დაბინძურების დაბალ დონეს და აქვთ უკეთესი ცოდნა ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შესახებ, რაც მათ უფრო მეტად აიძულებს, მიმართონ ადაპტაციურ ქმედებებს და ფლობდნენ დამცავ მოწყობილობებს.
- შიგნით ჰაერის დაბინძურების დონეები უფრო მაღალია, ვიდრე გარეთ არსებული დაბინძურება ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა საჭმლის კეთება, მოწევა და შენობის იზოლაცია.
მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებია:
ტრანსპორტირების შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირება - საცობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურების დონის მატებას და ამ საკითხის მოგვარებას უპირველესი ყურადღება უნდა მიექცეს.
სამრეწველო ემისიების დარეგულირება - სამრეწველო ობიექტებს, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ჰაერის ხარისხზე.
ჰაერის დაბინძურების რისკებისა და შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა - მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა და დამცავი მოწყობილობების, როგორიცაა ჰაერის გამწმენდები, გამოყენების სტიმულირება.