თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლის, დიანა ჯოჯუას სარჩელი და ტელეკომპანიას მის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გადაცემა „კურიერის“ ყოფილი წამყვანი „რუსთავი 2“-ში ნამუშევარი დღეების ანაზღაურებას ითხოვდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის, თეონა ზაქარაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ტელეკომპანიას ამ თანხის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სასამართლომ „რუსთავი 2“ დაავალდებულა, ყოფილ თანამშრომელს, ხელფასის დაგვიანების გამო პირგასამტეხლოც გადაუხადოს, რაც ხელფასის ოდენობის 0.07%-ია ყოველ გადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. ტელეკომპანიისთვის დაკისრებული თანხის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა მას.
დიანა ჯოჯუამ „რუსთავი 2“ 2019 წლის 20 აგვისტოს პროტესტის ნიშნად დატოვა. დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების - „კურიერის“ დაწყებისთანავე მან და მისმა თანაწამყვანმა, მიშა სესიაშვილმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიაში დაწყებული „საკადრო წმენდის“ გამო არხს ტოვებდნენ:
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებები 2019 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიის წილები მისმა ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ხალვაშმა არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამსახურიდან გაათავისუფლა და მის ადგილას საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 20 აგვისტოს, „კურიერის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სალიამ საინფორმციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ში აღარ იმუშავებდნენ წამყვანები - გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე.
„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოს ნოდარ მელაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა და ეკა კვესიტაძემაც მიმართეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად შეაფასა და „რუსთავი 2“-ს მისთვის მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების, 13 000 ლარის გადახდა დაავალა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა შრომითი ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რაც ტელეკომპანია „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელებას გულისხმობდა და მას „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება. „რუსთავი 2“-ს მელაძისთვის 80 000 ლარის, ჟორჟოლიანისთვის კი - 82 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ტელეკომპანია გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აპირებდა.