„ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ძალიან ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. გარკვეულწილად, ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება“, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
წერეთლის თქმით, რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და გარკვეული მონაკვეთები წლის ბოლომდე გაიხსნება.
„მთლიანად რიკოთის მონაკვეთზე 77 ფერდია, რომელსაც პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. პროექტის დაწყებიდან 6000 მეტრი სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევა და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ როდესაც რიკოთის უღელტეხილი იქნება დასრულებული, ყველა ფერდი იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა წერეთელმა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოებს შესაბამისი გამოცდილების მქონე ჩინური კომპანიები აწარმოებენ.
„მე მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არცერთი ეს კომპანია არცერთი არ იყო სანქცირებულთა სიაში, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტი გაფორმდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერ შეთანხმებული იყო შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. 2019 წლიდან მიმდინარეობს აღნიშნული პროექტები, რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება და ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანთ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით“.
რიკოთის უღელტეხილზე მეხუთე თვეა მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს - დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოძრაობა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის ნებადართული, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე სატვირთოები მოძრაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეზღუდვის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ თოვლის დნობის შემდეგ, გზის 149-ე კილომეტრზე, არსებული გზიდან 200 მეტრის ზევით, ნაპრალები იპოვეს. „შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება“, - აღნიშნა წერეთელმა.
პარტია „ლელოს“ განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობები „მრავალი დარღვევით“ მიმდინარეობს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ხელისუფლება პროცესს ვერ მართავს და იძულებულია, ყოველ საღამოს გადაკეტოს უღელტეხილი, „რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეუძლებელია რისკების კონტროლი და ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა, რომლებიც რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილდებიან“. „ლელო“ მშენებლობაზე მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს.