იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას.
ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება მოხდება არამხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კუთხით.
პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება.
„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა.
თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იარაღად გამოყენებული იყო დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით.
აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.