ცხინვალის რეჟიმმა ჟენევის მოლაპარაკებებისთვის შესაფერის ადგილად ნაირობი დაასახელა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინ კოჩიევის თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შვეიცარიიდან სხვაგან გადატანის საკითხის დაყენებას გააგრძელებენ, რადგან შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა აღარ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ამას ვხედავთ იმის მაგალითზეც, რომ შვეიცარია ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა. გარდა ამისა, საკმაოდ პრობლემურია ლოჯისტიკის საკითხებიც. მოლაპარაკებების ადგილზე მისასვლელად, ჩვენ უნდა შევქმნათ რთული მარშრუტები, რადგან მოსკოვიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. რა თქმა უნდა, გვსურს ვიპოვოთ უფრო მოსახერხებელი ადგილი დისკუსიებისთვის და ეს ჩვენი, რუსი და აფხაზი მოკავშირეების საერთო პოზიციაა.  

თუმცა, საკითხის გადასაწყვეტად კონსენსუსია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე უნდა დაეთანხმოს მოლაპარაკებების ადგილის შეცვლას. ჯერჯერობით, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის გარდა თანახმა არავინაა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემის დაყენებას“, - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა.

კონსტანტინ კოჩიევმა აღნიშნა, რომ არსებობს მთელი რიგი ქალაქები, რომლებიც შეიძლება ალტერნატიულ ადგილად განიხილებოდეს: „ესენია გაეროს ე.წ. ცენტრები - ნაირობი კენიაში, ასტანა ყაზახეთში. მინსკი ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ ბელარუსის დედაქალაქი გაეროს ერთ-ერთი ქალაქი არაა. რუსმა კოლეგებმა უკვე გამართეს კონსულტაციები მთელ რიგ დედაქალაქებთან და წინადადებები ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხების განხილვის ახალი ადგილის შესახებ უკვე არის“.

5-6 ნოემბერს შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი გაიმართა, სადაც რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს მოლაპარაკებების ჟენევიდან სხვა, „ყველა მხარისთვის მისაღებ ადგილზე“ გადატანის ინიციატივა და მხარეებს ამ თემის არსებითი განხილვისკენ მოუწოდეს.

„ჟენევის ფორმატი დარჩება ჟენევაში. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოლაპარაკებების შემდეგი, 63-ე რაუნდი, 2025 წლის მარტში გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.