სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დახურა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო პროკურატურის დადგენილება დღეს მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„წერილი მივიღე - საქმე N961705 დაიხუროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს ნიშნავს, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული საქმე, რის საფუძველზეც დამაპატიმრეს, ჩატარებული პირადი და ბინის ჩხრეკა, უკანონო იყო! ამის დამტკიცებას 6 წელი მივუძღვენი და ბრძოლაში გატარებულ არცერთ დღეს არ ვნანობ! ასევე, მაქვს რეაბილიტაციის უფლება - ამინაზღაურდეს მორალური და მატერიალური ზიანი, რაც ამ წლებში გავიღე!“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა და დოკუმენტები ჩამოართვა. ე.წ. პროკურატურა მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა - საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებას. 2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული პროცესი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობად შეაფასა.
2020 წლის იანვარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს ცილისწამების მუხლი მოუხსნა და ე.წ. გენპროკურორს დაევალა, მასთან დაკავშირებული ეპიზოდები საქმიდან ამოეღო. მეარაყიშვილი დანარჩენ მუხლებშიც არაერთხელ გამართლდა, თუმცა ე.წ. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა. დღემდე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მოპოვების (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლი) და ყალბი დოკუმენტის გამოყენების (327-ე მუხლი) მიმდინარეობდა.
ხუთი წლის წინ ჩამორთმეული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები თამარ მეარაყიშვილისთვის ჯერჯერობით არ დაუბრუნებიათ, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული აქვს და ოკუპირებულ რეგიონს ვერ ტოვებს.
თამარ მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო. 2021 წლის ივნისში ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შესაძლებლობას ითხოვდა, თუმცა როგორც შემდეგ განაცხადა, არც პრემიერი გამოეხმაურა და არც ვინმე სხვა მისი დავალებით.