„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აუქციონის შედეგად, სანატორიუმები „თბილისი“ და „მედეა“ 8 982 300 ლარად გაიყიდა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შპს „აკა“ 2016 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილის 96.9 %-ის მესაკუთრე ჯამათა ჩარკვიანია, 3.1 %-ს კი ლავრენტი ჯინჭარაძე ფლობს. რაც შეეხება შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიას“, კომპანია 2021 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული და მისი ერთადერთი მესაკუთრე ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია.
დანარჩენი 12 სანატორიუმის გაყიდვაზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იქნა მიღებული.
სახელმწიფომ 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი გასაყიდად ივლისში გამოიტანა. ობიექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარია.
მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. „წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
კურორტ წყალტუბოს განვითარებას ჯერ პრეზიდენტი სააკაშვილი გვპირდებოდა, მერე ივანიშვილი, ღარიბაშვილი, გახარია და ისევ ღარიბაშვილი. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა პირველად 2015 წელს განაცხადა, რომ წყალტუბო ტოლს არ დაუდებდა გერმანიისა და ჩეხეთის ცნობილ საკურორტო ქალაქებს ბადენ ბადენსა და კარლოვი-ვარს.
დაპირებებში მას ივანიშვილიც შეეშველა და თქვა, რომ წყალტუბო რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქი გახდებოდა, დასაქმდებოდა 20 ათასი ადამიანი, რაც მთელი იმერეთის მხარის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევდა.
2015 წელს, საპარტნიორო ფონდმა, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, ავსტრიულ საკონსულტაციო კომპანია „Khol and Partners“-თან ერთად, წყალტუბოს, როგორც სამედიცინო-გამაჯანსაღებელი სპა კურორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით, 2015-2021 წლებში უნდა მოეძიებინათ ინვესტორები და დაწყებულიყო განხორციელების პირველი ფაზა.
2019 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ოფიციალურად, ბიძინა ივანიშვილს ჯერ-ჯერობით არცერთი სანატორიუმი არ უყიდია, წყალტუბოს რეაბილიტაცია კი ამ დრომდე არ დაწყებულა.
წყალტუბოში კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. 1931 წელს წყალტუბო კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა. წყალტუბოს მინერალური წყლებით მკურნალობენ გულისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოების, ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის, თირკმელების, გინეკოლოგიურ და კანის დაავადებებს. 1953 წელს წყალტუბომ ქალაქისა და საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიიღო. სხვადასხვა დროს აშენდა 22 სანატორიუმი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე წყალტუბო საბჭოთა ელიტისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო, 5800 საწოლით. მოსკოვიდან წყალტუბოს მიმართულებით პირდაპირი მატარებელი მოძრაობდა. აფხაზეთის ომის შემდეგ წყალტუბოს სანატორიუმებში დევნილების 560 ოჯახი შეასახლეს.
2022 წლამდე, გასხვისებული იყო 7 სანატორიუმი - „მეშახტე“, „ივერია“, „მეტალურგი“, „ცისკარი“, სამხედრო სანატორიუმი, სანატორიუმი „რიონი“, ყოფილი სანატორიუმი „საქართველო“; სანატორიუმ „რკინიგზელს“ სახელმწიფო კომპანია მართავს. ინვესტორები შესყიდულ სანატორიუმებში ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
კურორტ წყალტუბოში 8 ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.