„თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, ყველა პირობას შეასრულებს, ვფიქრობ, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა, ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობის და ამასთან დაკავშირებით დასახელებული თარიღის -2030 წლის შესახებ. როგორც ვარჰეიმ თქვა, ეს შესაძლებლობა ახლა თავად იქმნება და ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის მოხდება გაფართოება.
„მაგრამ რაც ცხადია, არის ის, რომ ჩვენი მხრიდან, კომისიის მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ წევრი და კანდიდატი ქვეყნები მზად იყვნენ. თუ მზად იქნებიან 2030 წელს, მაშინ ეს მოხდება 2030 წელს. თუ მზად იქნებიან უფრო ადრე, მაშინ უფრო ადრე მოხდება.
არსებობს მკაფიო პირობები იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ და თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ევროკავშირის წევრი მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, ყველა პირობას შეასრულებს, ვფიქრობ, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის საქართველო მიიღოს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი გზაა“, - აღნიშნა ვარჰეიმ.
ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, დაეთანხმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომაგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი გაიღო. ახლა თქვენ უნდა გაიაროთ ამ კარში და კარში გავლა ნიშნავს იმას, რაც ყველამ იცის: ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, უნდა დაკმაყოფილდეს პირობები, უნდა გატარდეს რეფორმები. მეტს ვერ მოითხოვთ. ნუ ეძებთ კატის მეხუთე ფეხს. კარი ღიაა და საუბარია იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც ყველასთვის წესდება“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს და 2030 წელს საქართველო უფრო მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა.
„ეს არის ჩვენი ამბიცია. ჩვენ ვართ ერთგულნი ამ დღის წესრიგის, იმ ნაბიჯებისადმი, რომელიც გადასადგმელია ევროინტეგრაციისთვის. დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის მაინც, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა 9 მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს.
ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლას; საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესებას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან; პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას განსაკუთრებით 2024 წელს; საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას; სასამართლო რეფორმას; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
პირობების შესრულება აუცილებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.