ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, პარლამენტში რუსული კანონი დაარეგისტრირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
- 6 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
„პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც შრომობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იგი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს და ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონმდებლობა ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის. ახლა ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია. ეს არ არის ძალაში შესული კანონი. ამიტომ, რაც შეეხება რაიმე პოტენციურ შედეგებს ან პოტენციურ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება გადავდგათ, მე ნამდვილად არ მსურს მათი წინასწარ განხილვა დღეს“, - განაცხადა მილერმა.
ჟურნალისტმა აღნიშნა აშშ-ის შარშანდელი პოზიცია კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირების შესახებ და იკითხა, რატომ იკავებენ დღეს თავს იგივე გზავნილისგან, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პასუხი იყო:
„ჩვენ ახლა ნათლად ვაცხადებთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ის წინ წაიწევს, შეგიძლიათ დაელოდოთ [ჩვენს რეაქციას]. დღეს არაფერი მაქვს გამოსაცხადებელი“.
გასულ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტი სამი განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის დაბრუნებას. აშშ ამ გადაწყვეტილებით „ღრმად შეშფოთებულია“ და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას სარგებელი მოაქვს საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ქმნის რისკს საქართველო ევროპულ გზას ჩამოშორდეს.
„ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად გამოვხატეთ საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში 5 აპრილს.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 8 აპრილს დაარეგისტრირა, 15 აპრილს კი იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ტექსტი იგივეა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს მის დასაძლევად საკმარისი ხმები.