უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და ქართულ მხარეს მოუწოდებს, მისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„უკრაინის მოქალაქის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე, დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თხოვნა შემდგომში ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილთან წვდომა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების „კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას“, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, „რომელიც უნდა გათავისუფლდეს“.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით ევროპარლამენტიც გამოვიდა. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტარებმა 14 დეკემბერს მიიღეს, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდრეობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, საკითხის გადასაჭრელად საკუთარი „კონსტიტუციური პრივილეგიები“ გამოიყენოს და სააკაშვილი შეიწყალოს. გარდა ამისა, მათ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მოუწოდეს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაში.
ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი მოხდის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს. შუამდგომლობა ეყრდნობა ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 7 დეკემბერს, ახალი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმაც. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. ექსპერტების შეფასებით, განვითარდა მათ მიერ „არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისთვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება“. ექსპერტთა ჯგუფის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის წონა სექტემბრის შემდეგ 98 კილოგრამიდან 73.6 კილოგრამამდე ჩამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.