თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნებული „აზოვის“ პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის „რედის“ პროკოპენკო თანამებრძოლებს შეხვდა. „აზოვის“ ინფორმაციით, ის რეაბილიტაციას გადის და მალე შეუდგება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ტყვეობაში ყოფნისას მე ვთქვი, რომ ეს ომი ჩემთვის არ დასრულდება, ვიდრე ტყვეობიდან არ დავიბრუნებთ ჩვენს ბოლო მებრძოლს და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვარს 1991 წლის მდგომარეობით. მე ჯარისკაცი ვარ. არ მაინტერესებს სხვა საქმე, გარდა სამხედრო საქმისა. ჩემი გული, ჩემი სული, ჩემი სხეული „აზოვს“ ეკუთვნის“, - თქვა პროკოპენკომ.
„აზოვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დენის პროკოპენკომ ასევე განაცხადა, რომ დღეს მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საბრძოლო მომზადებასა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობით, ტექნიკითა და შეიარაღებით დაკომპლექტებაზე.
პროკოპენკო და „აზოვსტალის“ დაცვის კიდევ ოთხი მეთაური თურქეთიდან, სადაც ისინი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2022 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდნენ, უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. მებრძოლები სამშობლოში პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააბრუნა, რომელიც 7 ივლისს თურქეთში ჩაფრინდა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინაში დაბრუნდნენ დენის პროკოპენკო („რედისი“) - „აზოვის“ მეთაური; სვიატოსლავ პალამარი („კალინა) - „აზვოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე; ოლეგ ხომენკო („აპისი“) - უკრაინის ეროვნული გვარდიის მაიორი; სერგეი ვოლინსკი („ვოლინა“) - 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი; დენის შლეგა - უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი.
რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმების პირობების მიხედვით, ხუთი მეთაური თურქეთში უნდა დარჩენილიყო „კონფლიქტის დასრულების მომენტამდე“. მისივე თქმით, „დაბრუნების პირობები დაარღვია როგორც თურქეთის მხარემ, ისე კიევმა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალები 2022 წლის გაზაფხულზე, ორი თვის განმავლობაში იცავდნენ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანას. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი ალყაში პირველ მარტს მოაქციეს, თუმცა „აზოვსტალი“ ერთადერთი ადგილი იყო, რომლზეც კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებდნენ. მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიას „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გარდა, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, პოლიციელები და მოხალისეები იცავდნენ. მათთან ერთად „აზოვსტალში“ მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მაისის შუა რიცხვებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაცვის მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობა გადაერჩინათ, რის შემდეგაც „აზოვსტალის“ დამცველები დანებდნენ. ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სექტემბერში ტყვეთა მასშტაბური გაცვლა შედგა - უკრაინამ რუსებს ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილის ნათლია, პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე გადასცა, სანაცვლოდ კი უკრაინის 215 დამცველი დაიბრუნა. მათ შორის იყვნენ „აზოვის“ პოლკის მეთაურებიც.