უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქართველი მებრძოლი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. ის გამნაღმველი იყო და უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში დაიბადა და გაიზარდა. იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ ოჯახმა დღეს დილით შეიტყო. სავარაუდოდ, ქართველი სამხედრო რუსეთის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების მასირებული დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
„უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. როგორც დღეს შეგვატყობინეს, გმირულად დაეცა. ზამთარშიც იყო დაჭრილი, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ იბრძოდა. საქართველოში არ წამოვიდა. ის იცავდა ყველა ქართველის სახელს უკრაინაში“, - აღნიშნა კორნელი სალიამ.
ედიშერ კვარაცხელიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების თარიღი ჯერ უცნობია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს აზუსტებს.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში უკრაინაში ოცდაერთი ქართველი დაიღუპა:
- ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
- ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
- ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
- დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;
10 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა 84 საკრუიზო რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, 13 ირანული „შაჰიდი“ გამოიყენა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 56 სამიზნე გაანადგურეს, რომელთაგან 43 საკრუიზო რაკეტა იყო.
სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა 70 ობიექტი, რომელთაგან 29 კრიტიკული მნიშვნელობისაა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ თქვა, რომ რუსეთს ორი სამიზნე აქვს - მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ენერგოობიექტები და ხალხი: „მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ ჩვენი ენერგოსისტემის განადგურება. უიმედონი არიან. სპეციალურად შეარჩიეს ისეთი დრო, ისეთი სამიზნეები, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოეწვიათ. ახლა შეიძლება იყოს ელექტროენერგიის დროებითი შეფერხებები, მაგრამ არასოდეს იქნება შეფერხებები გამარჯვების რწმენაში“.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, უკრაინის ქალაქების დაბომბვა ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხი იყო, თუმცა უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჯერ კიდევ 2 და 3 ოქტომბერს მიიღეს კრემლიდან ბრძანება, მომზადებულიყვნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებული სარაკეტო დარტყმებისთვის.