ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო სამოქალაქო აქტივისტების ლაშა ჩხვიმიანისა და რუსლან ომაროვის სარჩელები, რომლითაც ისინი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ირგანჩაისა და ამამლოს თემში საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვენ. ორივე საქმეზე სხდომები 5 აპრილს გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ლაშა ჩხვიმიანი 29 წლისაა, დმანისში ცხოვრობს. 4 წლის განმავლობაში დმანისის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი იყო. კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ისიც „წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის“ მხვერპლი გახდა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, ლაშამ დმანისში არასამთავრობო ორგანიზაცია „შეხვედრის ადგილი“ დააფუძნა და აქტიურად ცდილობს დმანისის მცხოვრებლებს არაფორმალური განათლებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა შესთავაზოს - სახალხო დაფინანსებით კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს აშენებს. ლაშას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. უფროსი გოგო, რომელიც მალე 4 წლის გახდება, დმანისის საბავშვო ბაღში დაჰყავს. მისი შვილისგან განსხვავებით, დმანისის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, სკოლამდელ განათლებას ვერცერთი ბავშვი ვერ იღებს. მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში სკოლამდელი განათლების დაწესებულება არ არის. ამ უთანასწორო მდგომარეობის შესაცვლელად, ლაშა აქტიურადაა ჩართული ადვოკატირების პროცესში, რომლის მიზანიც არის, მაღალმთიან და უმცირესობების დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს განათლების მიღების კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში დავეხმაროთ. ადვოკატირების კამპანიას „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი 21 წლის რუსლან ომაროვი იშვიათი გამონაკლისია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დმანისის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ და მრავალმხრივი წნეხის მიუხედავად, უფლებრივი თანასწორობისთვის ღიად ბრძოლას არ ერიდებიან. რუსლანი ამამლოს თემის სოფელ საფარლოში ცხოვრობს. მას 3 და 4 წლის ბიძაშვილის შვილები ჰყავს - ამავე სოფელში 6 წლამდე ასაკის 20-მდე ბავშვია საბავშვო ბაღის გარეშე. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში ჩაწერილი გვაქვს, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა მისი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებაა. ჩანაწერი წინა სტრატეგიის დოკუმენტშიც ჩანაწერად დარჩა. მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში 5 ათასამდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი.
2022 წლის ნოემბერში, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, ლაშა ჩხვიმიანმა და რუსლან ომაროვმა პეტიციებით მიმართეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ირგანჩაისა და ამამლოში საბავშვო ბაღების გახსნა მოითხოვეს.
პეტიცია, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2015 წლიდან არსებობს, მაგრამ დმანისის საკრებულოში ეს პეტიციის წარდგენის პირველი შემთხვევა იყო. თითოეულ პეტიციას ხელს 250-ზე მეტი ამომრჩეველი აწერს.
დმანისის სოფლებში პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვების დროს, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ თანამშრომლებს მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს - ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები და სოფლებში მერის წარმომადგენლები აქტივისტებს მანქანითაც დაედევნენ და დაჯახება სცადეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლებს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მისი ნებართვის გარეშე დმანისის სოფლებში „უცხო პირები“ არ უნდა დადიოდნენ.
მურადაშვილი 2012 წლიდან ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი სახელმწიფო უსართხოების სამსახურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.
კანონით, საკრებულოს უფლება აქვს პეტიცია განსახილველად მერს გადაუგზავნოს, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნას ან შესასწავლად კომისიას გადასცეს. დმანისის საკრებულომ ორივე პეტიცია მერს გადაუგზავნა, რომელსაც პეტიცია ერთ თვეში უნდა განეხილა და შედეგები საკრებულოსთან ერთად, პეტიციის წარმდგენი პირებისთვისაც ეცნობებინა. მერმა კანონით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია.
26 დეკემბერს, დმანისის საკრებულომ ცნობად მიიღო საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის გადაწყვეტილება და პეტიციების განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია. არადა, სკოლამდელი განათლების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. კანონმდებლობა კი პირდაპირ თვითმმართველობებს ავალდებულებს, უზრუნველყონ შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება.
საკრებულომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2023 წლიდან საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება და ამ პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტშიც არის გათვალისწინებული ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის 28 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე მართლაც ილაპარაკა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაწყების შესახებ.
„საბავშვო ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს ჩვენ დავიწყებთ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან. ამ პროგრამის დასაფინანსებლად მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში დაგვიჯდება 1.3 მილიარდი ლარი, სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შესამოწმებლად ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ ორჯერ მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ე.წ. ახალ პროგრამასთან დაკავშირებით სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
სამინისტრომ მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გვიპასუხა წერილობით, რომ პროგრამასთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ არსებობს.
მოსარჩელეები ლაშა ჩხვიმიანი და რუსლან ომაროვი ითხოვენ, დმანისის საკრებულოს წარდგენილი პეტიციების განხილვა, შესწავლა და პრობლემის გადაწყვეტა დაევალოს. ორივე საქმეს მოსამართლე ნინო გიორგაძე განიხილავს.
ბოლო 7 წლის განმავლობაში, რაც თვითმმართველობის კოდექსი პეტიციის მექანიზმს ითვალისწინებს, საქართველოში პეტიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება სასამართლოში არავის გაუსაჩივრებია, მითუფრო, სასამართლოს საშუალებით არავის მოუთხოვია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზება.
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 32 მუნიციპალიტეტის პრაქტიკა შეისწავლა. ყველაზე მძიმე ვითარება ქვემო ქართლშია - დმანისის, ბოლნისისა და წალკის რაიონებში.
ბოლნისის 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ორგანიზებით წალკის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქის, ბორჯომის, ასპინძის, ტყიბულის, საჩხერის, ცაგერის, საგარეჯოს საკრებულოებში 16 პეტიციაა წარდგენილი.