თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 5 პირი სრულად გაამართლა. სასამართლომ ორი აქტივისტი - გელა ქეთელაური და ოთარ ლობჟანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით და მათ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კიდევ სამი აქტივისტის საქმეს სასამართლო 30 ნოემბერს განიხილავს.
„რეალურად ვინც დაგვაკავა, არცერთი ის პოლიციელი სასამართლო პროცესზე არ მოვიდა. 6 საათის განმავლობაში სხვა პოლიციელების სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენდით“, - თქვა ვარლამ გოლეთიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.
„პროცესზე მოსული პოლიციელები ამბობდნენ, რომ თითქოს მათ დაგვაკავეს. სინამდვილეში მათ მიერ არ მომხდარა ჩვენი დაკავება. დაკავების ამსახველ ვიდეოშიც ჩანს, მოსამართლემაც ნახა, რომ ისინი იქ არ ყოფილან. ამ ადამიანებს უწევთ ამის თქმა იმიტომ, რომ მისმა უფროსმა ასე უთხრა, მეორეს ეზარება აქ სიარული, ის უფრო მაღალი თანამდებობის არის და აქედან გათავისუფლებულია. პოლიციელები გამოიყვანეს, რომ პირდაპირ ტყუილები ილაპარაკონ. 24 საათი რომ იზოლატორში ვიყავით, ამაზე პასუხს ვინ აგებს?“, - აღნიშნა ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტმა რატი რატიანმა.
პოლიციამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები და „მაუწყებლის“ ჟურნალისტი, სულ 11 პირი, 18 ნოემბერს, საღამოს, თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს კარვის გაშლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქტივისტები თბილისში ჩამოვიდნენ რაჭიდან, სადაც ისინი ორი თვეა საპროტესტო აქციებს მართავდნენ რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
დაკავებული აქტივისტები და ჟურნალისტი 24 საათის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.
მთავრობამ გასული წლის მარტში, მოსახლეობისგან სრულიად ფარულად, რაჭასა და ქვემო სვანეთში მდებარე 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორის, დავით ხიდაშელის კომპანიას შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ გადასცა. ლიცენზიის პირობების თანახმად, ხიდაშელს ამ ტყეებში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირისთვის ტყეების გადაცემა მრავალი კანონდარღვევით მოხდა. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები რაჭის 81 და ქვემო სვანეთის 2 სოფლის (ცანა-ზესხოს ხეობა) გარშემო მდებარე ტერიტორიებს მოიცავს. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ხელისუფლებამ დოკუმენტებიც გააყალბა.
28 ნოემბერს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიაზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გააუქმა.