ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერნიკა ბილკოვამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხომაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი რუსული ტიპის კანონია და ის შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. ბილკოვამ გაიმეორა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ კანონი უნდა გაუქმდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„თავიდანვე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომ არსებობს ორი ტიპის კანონი, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ და ორივე მიჩნეულია ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებად. ერთი მხრივ, არსებობს კანონები, რომლებიც ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედებენ უცხოური აქტორის მითითებით ან კონტროლით. ეს არის კანონები ლობირების შესახებ და ამის მაგალითია შეერთებული შტატების FARA.
მეორე მხრივ, არსებობს კანონები, რომლებიც ვრცელდება სუბიექტებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სუბიექტები დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ასეთი კანონები ამოქმედდა, მაგალითად, რუსეთში, უნგრეთში ან ყირგიზეთში და კრიტიკულად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის და სხვადასხვა ევროპული სასამართლოს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ქართული კანონი ამ მეორე ტიპს განეკუთვნება“, - განაცხადა ვერონიკა ბილკოვამ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ შეაფასა კანონის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან - განსაკუთრებით ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
„ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ეს კანონი არ შეესაბამება ამ სტანდარტებს რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან გამოვყოფ ოთხს:
- პირველი - კანონის ენა არის ბუნდოვანი და ის ანიჭებს გადამეტებულ დისკრეციულ უფლებებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ეწინააღმდეგება კანონიერების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი აქტები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და დისკრეციას უნდა ჰქონდეს გარკვეული შეზღუდვები;
- მეორე - კანონი ემყარება ვარაუდს, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რაც არ უნდა შეზღუდული და გაფანტული იყოს ის, ავტომატურად იწვევს უცხოურ გავლენას. ეს ვარაუდი, რომელიც საზოგადოებაში ზოგადი უნდობლობის ატმოსფეროს შექმნის რისკს აჩენს, არა მხოლოდ ძნელია დასამტკიცებლად, არამედ ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რადგან ის მხოლოდ ზოგიერთ სუბიექტს ეხება. სამიზნეები არიან მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია სუბიექტები და არა, მაგალითად, ბიზნეს სუბიექტები;
- მესამე - არსებული ქართული კანონმდებლობა სუბიექტებს - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, უკვე სთხოვს დარეგისტრირებას და ანგარიშგებას, მათ შორის, დაფინანსების წაყაროების შესახებ. არ ყოფილა დამატებითი განმარტება არც განმარტებით ბარათში და არც ვენეციის კომისიასთან დისკუსიის დროს, თუ რატომ არ არის საკმარისი არსებული ვალდებულებები, რომელიც საკმაოდ ვრცელია, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;
- მეოთხე - კანონს დრამატული გავლენა და შედეგები ექნება პირველ რიგში სუბიექტებზე და უფრო ფართოდ, ქართულ საზოგადოებაზე. იარლიყი, რომელიც კანონს შემოაქვს, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები იქნებიან, აშკარად მასტიგმატიზებელია. ეს ქმნის ამ სუბიექტების რეპუტაციის შელახვის საფრთხეს და მათ ფუნქციონირებას ძალიან გაართულებს. უფრო მეტიც, ასეთ სუბიექტებზე დაკისრებული დამატებითი ვალდებულებები საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ანგარიშგების ვალდებულებები, და მცირე სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ რეალური სირთულეები მათი შესრულების დროს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ძირითადად უარყოფილია“.
ვერონიკა ბილკოვას თქმით, კანონი მძიმე მდგომარეობაში აყენებს ორგანიზაციებს: თუ ისინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად დარეგისტრირდებიან „ნამდვილად ვერ შეძლებენ მუშაობას, რადგან მათი რეპუტაცია შეილახება და ექნებათ ყველა ეს დამატებითი მძიმე ვალდებულება შესასრულებელი“, თუ არ დარეგისტრირდებიან, ასევე ვერ შეძლებენ მუშაობას, რადგან ის ჯარიმები, რომლებიც დაეკისრებათ, სავარაუდოდ ბევრ ორგანიზაციას დაანგრევს.
„ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში პროპორციულად და აუცილებლად ამ ორგანიზაციების საქმიანობასა და ადამიანის უფლებებში ასეთი ფართო ჩარევა. აქედან გამომდინარე, მოსაზრების დასკვნა ძალიან მკაფიოა - კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ის უნდა გაუქმდეს, უფრო სწორად, არ უნდა იქნას მიღებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ.
თუმცა, თუ საქართველოს აქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ არსებობენ სუბიექტები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური აქტორის მითითებით ან კონტროლით და მიიჩნევს, რომ ლობიზმის შესახებ კანონმდებლობა არასრულია, შეიძლება გადაწყვიტოს ამ კანონმდებლობის გადახედვა. ვენეციის კომისია მზადაა, დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა ბილკოვამ.